ოზურგეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე, ერთ ულამაზეს ეზოში ცხოვრობს ნანა ანთიძე, რომელიც ქმარ-შვილთან, დიდ ოჯახთან და სამსახურთან ერთად, უპირველეს საქმიანობად მიიჩნევს კარმიდამოს ისე მოვლას და “ყვავილების სამოსში” შეფუთვას, რომელიც საკონკურსო სილამაზის უნდა იყოს და ეს კონკურსი ოფიციალურად უნდა არსებობდეს.
იდეა, რომელზეც ნანა ანთიძე ოჯახში მისვლისთანავე გვესაუბრება, გასულ წელს კიდევ ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა, ყვავილებზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ქალბატონმა მაია ნაკაიძემ შემოგვთავაზა. ის დღეისთვის შვეციაში იმყოფება სწორედ ყვავილების თემასთან დაკავშირებული პროექტით და დაბრუნებისთანავე, ვპირდებით ქალბატონ ნანას, რომ “კარმიდამო ჩემი”, მათივე მხარდაჭერით, ეცდება საკონკურსო პროექტის იდეის გახორციელებას.
ნანა ანთიძე ამბობს, რომ თავისი ყვავილების სამყაროს შემქმნელად, თითქოს, ბუნების ამ საოცრებებთან ერთად დაიბადა. ბავშვობიდან მოყოლებული, მეგონა, ყვავილებთან მეძინა და ყვავილებთან ვიღვიძებდი, ასეთი შეგრძნებით ვცოცხლობ, მაგრამ გული იმაზე მწყდება, ყველა სახლის წინ, თითოეულ ოჯახში რატომ არ სუფევს ისეთი სულისკვეთება, რომ პატარა წალკოტი ჰყვაოდეს თუნდაც პატარა მიწის ნაკვეთზე, რაც ნებისმიერი სახლის წინ არის და უმეტესად, თუ დავაკვირდებით, არაფრისმთქმელიაო:
_ თუ რომელიმე ქვეყანაში ვყოფილვარ ან როცა ტელევიზიით ვნახულობ, ვხედავ, ქუჩა თუ უბანი, მთლიანად, ერთ დიდ თაიგულს წააგავს _ აივნები, ვერანდები, უბნები, თვით საყოფაცხოვრებო ცენტრები სამოთხედაა ქცეული. რა ხდება ჩვენთან? თითქოს მწვანე სამყარო, ყვავილები ყველას უყვარს, მაგრამ ჩამოიარეთ და ნახავთ, 50 ოჯახიდან ხუთი სახლის წინ თუ არის ის ბაღნარი, რომელსაც “თვალი ჭამს და თვალი სვამს”. ამიტომ, მგონია, რაღაც ლამაზმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს და ნებისმიერ ადამიანში პასიური პოზიცია უნდა გაააქტიუროს. მე ბუნებით ესთეტი ვარ და ისე განვიცდი თითოეული მწვანე ფოთლის თუ ვარდის ფურცლის არსებობას, ამ ემოციის გადმოცემა რომ შემეძლოს, ვაჟა ფშაველა ვიქნებოდი. მინდა, მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა ესთეტიურ გარემოში იყოს ჩაძირული, რაც თითოეულ ადამიანს უსათუოდ გაუათმაგებს პოზიტიურ განწყობას, დაამშვიდებს და დაუამებს თვით ტკივილსაც კი, _ გვეუბნება ის და იდეაზე საუბრის კვალდაკვალ საკუთარ ბაღჩა-ბაღში მიგვიძღვება.
რომელი უფრო მეტია ნანა ანთიძის ოჯახში _ ოთახის თუ ეზოს ყვავილები, ძნელი გასარჩევი არაა _ თავისუფლად შეიძლება ტოლობის ნიშანი დაისვას. არც ისე დიდ საკარმიდამო ნაკვეთში ადგილი ყველაფრისთვისაა _ ყვავილების ბაღისთვის და საუცხოო ბოსტნისთვის, რომელზეც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. თვითონ, “ბაღჩა-ბაღის” ცნებას, ყვავილების წალკოტთან და სანელებლების სამყაროსთან აიგივებს.
ნაირფერი ცინიების და პეტუნიების სიჭარბე, ალბათ, ფერების სიუხვის გამო, თვალს აჭრელებს. სამყაროს თითქმის ყველა ფერია ამ კარმიდამოში. გლადიოლუსები, ჰიბისკუსები, გვირილები, კოლდუნიები, ასტრები გვერდი-გვერდ ისე ჰყვავიან, ერთმანეთის სილამაზეს უდარდელად უცქერენ და შურის ნატამალი არ გააჩნიათ. ვარდებს უკვე დაყვავილება მოუსწრიათ, თუმცა შიგადაშიგ “იხსენებენ” მაისს და კვლავ ჰყვავიან ხოლმეო, _ ასე გადმოგვცემს საკუთარ ხედვას ქალბატონი ნანა.
ბევრია ბუჩქოვანი და გვიან მოყვავილე მცენარეებიც, რომლის ნარგაობებით ერთგვარი სხივების კომპოზიციური ფორმა აქვს წარმოდგენილი. თითოეული სხივი დიდი პალმის ძირას იწყება და დიაგონალებით ნახევარწრეს ქმნის. სამეზობლო საზღვარს ბუჩქოვნები მიყვება. აქა-იქ პატარა სანერგეებიცაა, საიდანაც ყვავილების გადარგვას ან სულაც გაჩუქებას ახდენს.
ქალბატონ ნანას, ბოლო 30 წლის მანძილზე, როგორც თვითონ ამბობს, მეუღლე არნახულ თანადგომას უწევს საყვარელ საქმიანობაში. ამბობს, რომ ის აგრონომიულ უნარებს ფლობს, მიუხედავად ამისა, რომ სულ სხვა პროფესია აქვს, იცის, საიდან უნდა მოიტანოს კარგი შლამიანი მიწა, ხშირად მოაქვს ნაკელი, სხვადასხვა დეფეკაციური საშუალებები, რომ საკარმიდამოში მცენარეულობას ლაღად ყოფნის საშუალება ჰქონდეს. სწორედ ამის და მოვლის სხვა ნიუანსების გამოა, რომ ამ კარმიდამოში, რომც ეძებოს კაცმა, ერთ მცენარეზეც კი ყვითელ ფოთოლს ვერ ნახავს.
_ ეს სხვებსაც უთქვამთ. მიხარია, რომ თქვენც შეამჩნიეთ. მცენარეს თუ სიცოცხლის ბუნებრივი ვადა არ გადის, ისე რატომ უნდა ჰქონდეს გაყვითლებული ფოთლები? თუ ასეა, ესე იგი, რაღაც უჭირს და ამ დროს, როგორც ადამიანს, ისე სჭირდება შველა _ ან წყალი სწყურია, ან სასუქოვანი წამალი სჭირდება, ან ნიადაგის პრობლემაა. ამის წამებში გარკვევა შეიძლება. მთავარია, გულისხმიერება და დიდი სიყვარული მცენარისადმი, _ ასე ხსნის ის ყვავილებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას.
რაც შეეხება ოთახის ყვავილებს, ნანა ანთიძის ოჯახში ამ მხრივაც მრავალფეროვნება და ორიგინალური სამყაროა. ფოიეში უამრავი ქოთანი დგას, ნაირ-ნაირი ყვავილოვნებით, კაქტუსოვნებით და თუ პალმის ნაირსახეობებით. ოთახებში კი მონსტერა თუ ლილია, თავის ნებაზეა მოკალათებული. ხვიარები კედლებს მიღმა მიემართებიან.
_ ზოგ ხვიარაზე ამბობენ, თითქოს, ადამიანთან “ურთიერთობა” არ უყვარს და სადღაც იმიტომ მიემართება, დამალვა სურს. არ მგონია, სიმართლე იყოს, უფრო ხალხური ფანტაზიაა, მცენარის თავისებურებიდან გამომდინარე, _ ეღიმება ქალბატონ ნანას და ამ განწყობით ბოსტნისკენ მიგვიძღვება, სადაც 86 წლის დედის _ ქალბატონ თალიკო თავართქილაძის მითითებებს დღესაც ითვალისწინებს და როგორც ამბობს, მისი დაჟინებული თხოვნით, სანელებლების სამყაროს ყურადღებას არ აკლებს. იქვე, სავარძელში მჯდომი ქალბატონი თალიკოც გვეხმიანება: _ მარტო ყვავილნარებით არ ფასდება ქალის საქმიანობა სახლში, კარგი ბაღჩა (ბოსტანს გულისხმობს. ავტ.) ოჯახის ფასია და ქალი მაგით უფრო იცნობა.
დედა-შვილის მზრუნველობით გაშენებულ ბოსტანში ქინძის, ოხრახუშის თუ პრასა-ნიახურის “მინი-ტყეებია” _ ასე ამბობს ქალბატონი ნანა. აქაც ვერ ნახავ ოდნავ გაყვითლებულ ფოთოლს _ წყალი, მზე და დაუზარელი მარჯვენა ეტყობა ყველაფერს.
_ დედაჩემს სულ ბოსტნისკენ მიუწევს ფიქრი და როცა ყვავილებთან ვფუსფუსებ, ვატყობ, ერთი სული აქვს, სახლის უკან როდის გადავინაცვლებ. ასაკშია, თუმცა, როგორც ხედავთ, მშვენივრად გამოიყურება და მისი გონება ყოველ დილა-საღამოს ბაღჩა-ბოსტანს დატრიალებს. გენეტიკურად მეც მერგო ასეთი დამოკიდებულება მცენარესთან, იგივე ცოცხალ არსებასთან, რომელსაც დედაჩემი მუდამ ადამიანივით ჰყვარობდა, უფრთხილდებოდა და დღესაც ასე გრძელდებაო, _ გვეუბნება ნანა ანთიძე, ქალბატონი, რომელსაც ყვავილნარებიანი, საგანგებო გემოვნებით მოწყობილი ეზოების კონკურსის იდეა, კარგა ხანია, ფიქრად აქვს და მხარდაჭერას გვთხოვს.
“კარმიდამო ჩემი”, აღნიშნული იდეის შესახებ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს მარინა ჯაფარიძეს ესაუბრა:
_ ძალიან კარგი იდეაა, შეიძლება დაგვიანებულიც. თუ ინიციატორები შესაბამისი პროექტით მოვლენ ქალაქის მერიაში, დარწმუნებული ვარ, ქალაქის მერი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. თუ ქალაქის სტატუსი გვინდა, სწორედ იმ ქალაქებს უნდა მივბაძოთ, თუნდაც უცხოეთისას, სადაც გარემო წალკოტად არის ქცეული. შეიძლება ჩავატაროთ კონკურსი, გამოვლინდეს საუკეთესო ქუჩა, საკარმიდამო, აივანი. ინოვაციებს საზღვრები არ აქვს… თუ დაჯილდოვდებიან საუკეთესო ნერგებით, ლამაზი ყვავილების თესლებით, სპეციალური დიპლომებით _ წახალისება მასშტაბებს შეძენს ასეთ კარგ წამოწყებას. ამ იდეას, მე ვფიქრობ, უწერია გახორციელება. თუ “კარმიდამო ჩემი” მხარდაჭერისთვის იქნება მზად, მით უმეტეს! _ გვითხრა ქალბატონმა მარინამ.