უკვე 27 დღეა, ხობის მუნიციპალიტეტში 49 წლის მამაკაცს ეძებენ. მამუკა კორტავა სახლიდან, სოფელ შუა ხორგიდან, 2 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაკარგულია. ოჯახისთვის გაუჩინარება კვლავ ბურუსითაა მოცული. ახლობლები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ – მათ შორის, შესაძლო გატაცებასაც.
„როგორც უკვე ვთქვი, შესაძლოა, გაიტაცეს ან გაიქცა. სხვა დეტალები არ ვიცით. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე კონფლიქტი ჰქონდა ადგილობრივებთან,“- ამბობს “გურია ნიუსთან” ოჯახის ახლობელი.
მართალია, კითხვები ბევრია, თუმცა პასუხები — არცერთი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, უწყება კვლავ დუმს.





























































