ჯერ ადრეა ჩავთვალოთ, რომ „დელტაკრონი“ რომელიმე ქვეყანაში მომდევნო ტალღის მიზეზი გახდება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„მეხუთე დღეა კორონავირუსის ახალი მუტაციის შესახებ ვიცით. არცერთი ქვეყანა, შემთხვევების ზრდაზე არ მიუთითებს. ჰიბრიდული ვირუსია, რომელსაც ორი სხვადასხვა მუტაციის – „დელტასა“ და „ომიკრონის“ გარკვეული ელემენტები აქვს აღებული, საბედნიეროდ, რაოდენობრივად, ჯერჯერობით ძალიან ცოტაა“, _ განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 637 691 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 590 380, გარდაიცვალა 16 585 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.