ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს:
ჩაკრულო რომ NASA-მ კოსმოსში გაუშვა, ეს ისტორია ყველამ იცის. ოქროს ფირფიტები, რომელზეც უნიკალური ქართული პოლიფონია ჩაიწერა ორ იდენტურ კოსმოსურ ზონდზე, ვოიაჯერ 1 და 2-ზე განთავსდა. ვოიაჯერის ზონდები ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე და ყველაზე შორს არსებული კოსმოსური ხომალდებია, რომელიც კოსმოსში 1977 წელს გაეშვა. ვოიაჯერი დღემდე მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებს, თუმცა მისი ენერგო რესურსი იწურება, ამიტომ NASA-ს ინჟინრები ხომალდების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებაზე მუშაობენ. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 2019 წელს გადაიდგა, როდესაც NASA-მ გამათბობელი სისტემის გათიშვა დაიწყო. მიუხედავად ძალიან დაბალი ტემპერატურისა, მოწყობილობებმა მუშაობა წარმატებით გააგრძელა. წელს ენერგიის მართვის ახალი სტრატეგიის განხორციელება დაიწყო, რომელიც ხომალდებზე ძაბვის დასაცავად არსებული ენერგორესურსების ნაწილს გამოიყენებს. NASA-ს ინჟინერთა გუნდს მიაჩნია, რომ ამ მიდგომით ვოიაჯერი 50 წლისთავს გადააბიჯებს და გააგრძელებს მუშაობას.