მსახიობი გოგუცა კუპრაშვილი იხსენებდა:
“1926-27 წლის სეზონში რამდენიმე კურსდამთავრებული გამოგვიძახეს და რუსთაველის სახელობის თეატრის დასში ჩაგვრიცხეს.
ერთ დღეს, დილით, რეპეტიციაზე დანიშნულ დროს გამოვცხადდი. შესვლისთანავე მომესმა სანდრო ახმეტელის საშინელი ყვირილი. ახლოს როგორ გავბედავდი მისვლას და შორიდან შევავლე თვალი. მთელი დასი თავჩაღუნული იდგა. ზოგი ხელებს შლიდა აღშფოთების გამოსახატავად. უეცრად, რას ვხედავ – წინ შესასვლელში რომ ვეებერთელა სარკეა, სულ ჩალეწილიყო.
სანდრო ახმეტელმა ბრძანა: ყველა დარაჯი და მორიგე, ვინც წუხელის და ამ დილით იყო, ამ წუთში აქ მომიყვანეთო. თან ცოფს ყრიდა – ნუთუ ისე დაიხოცა ყველა, ვერავინ ხმა ვერ გაიგონაო. ამ დროს მხატვარმა ირაკლი გამრეკელმა უთხრა, თუ სიტყვას მომცემ, რომ არ დასჯი, გეტყვი, ეს ვინც ჩაიდინაო. სანდრო ახმეტელმა სიტყვა მისცა. ირაკლიმ ერთი გულიანად გადაიხარხარა და უთხრა: – გატეხილი არ არის, ეგ მე დავხატე, დღეს ხომ პირველი აპრილია, გადაუსვით ჩვარი და ისევ მთელი იქნებაო.
სარკე მართლაც ისე ოსტატურად დაეხატა, არავის ოდნავი ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ გატეხილი იყო და გაოცებულები შევყურებდით სრულიად მთელ სარკეს”.