ეპიდსიტუაციის მიზეზით შემოდგომაზე გადატანილი პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდების ჩატარების თარიღი ისევ უცნობია. საუბარია 5 000-მდე მასწავლებელზე.
28 ოქტომბრის მდგომარეობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვერ პასუხობს კითხვას, რა თარიღში ჩატარდება ნოემბერში დაანონსებული გამოცდები, უწყება ვერც იმას გვეუბნება იყო თუ არა შეხვედრა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საკითხის განხილვის მიზნით და აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის რეკომენდაცია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ გამოცდის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია მისი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება, თუმცა სამინისტროს სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია.
პრაქტიკოს მასწავლებელთა თქმით კი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამოყენება სწორედ იმისთვის ხდება, რომ მათ სკოლა დაატოვებინონ. სხვა შემთხვევაში, ამბობენ, რომ არც ეროვნული გამოცდები უნდა ჩატარებულიყო ზაფხულში.
“ის მასწავლებლები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ გამოცდას, ამ შემთხვევაში დაასრულებენ მიმდინარე სასწავლო წელს და შემდეგ მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსია”, – მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილის ეს სიტყვები იმ 4 700–მდე პრაქტიკოს მასწავლებელს ეხება, რომლებიც ზაფხულში ჩასატარებელ გამოცდაზე გეგმავდა გასვლას და კომპეტენციის დადასტურებას, თუმცა გამოცდის ჩატარება შემოდგომაზე გადაუტანეს.
პედაგოგთა პროფკავშირები ცოტა ხნის წინ იმასაც ამტკიცებდა, რომ გამოცდების ჩატარებას პრაქტიკოსებისთვის, მათი ინფორმაციით, არც შემოდგომაზე აპირებდნენ, თუმცა ეს გამოცდების ცენტრმა უარყო.
წყარო: edu.aris.ge