ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ნათია ლომინაძე ამავე სკოლაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
„დიდი ხანია, ჩემს გვერდს არ შევხებივარ, ისედაც დიდად არ მიყვარდა ეს საქმე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემს სათქმელს ხმამაღლა თუ არ ვიტყვი, მომავალ თაობებს თვალებში ვეღარ ჩავხედავ და მათ წინაშე დამნაშავე ვიქნები. ჩემი შვილის კი დღემდე მრცხვენია, ბულინგისგან რომ ვერ დავიცავი და მთელ ქვეყანას არ გავაგებინე მავანთა უმსგავსო საქციელების შესახებ.
არც ვინმეს სალანძღავად და არც ვინმეს დასაცავად გადამიწყვეტია, ახლა მაინც მეთქვა სიმართლე, თუნდაც გვიანი იყოს. უნდა შეწყდეს ის მარაზმი, რაც ქ.ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში ხდება. ჩემზე კარგად არავინ იცის ამ სკოლის შიდა სამზარეულო და კოშმარები, რომელთა მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში, არა მარტო მასწავლებლები, არამედ მოსწავლეებიც არიან.
ჩემმა ძალიან ბევრმა გაზრდილმა და მათმა მშობლებმა კარგად იციან, როგორი წმიდათაწმიდაა ჩემთვის ბავშვი და ის საქმე, რომელსაც 30 წელი პატიოსნად და მუხლჩაუხრელად ვემსახურე. ბოლოს კი მივიღე ის, რაც მივიღე…
ახლა ერთადერთი საფიქრალი და სადარდებელი ჩემთვის ისაა, თუ როგორ უმღვრევენ გონებას სხვის შვილებს, თუ როგორ უწამლავენ სულსა და გულს მათ და მერე გამოდიან და აცრემლებული თვალებით სამყაროს აცოდებენ თავს.
ხალხნო, ეს არ არის ევროპისკენ მიმავალი გზა, ეს ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა და დროზე გამოახილეთ თვალები თქვენი შვილების დასაცავად, რომლებიც აღტკინებულ და ვითომ პატრიოტ ,,საზოგადოებას’’, დამიჯერეთ, რომ დიდად არ ადარდებს.
ჩემი დიდი თხოვნაა, მოაშორეთ ბავშვები ამ სიბინძურეს. რაც შეეხება სრულწლოვან მასწავლებლებს, თუ მხოლოდ ასაკია ამის გამომხატველი, ჩუმად რომ მოთქვამენ, თუ როგორი ტერორის ქვეშ იმყოფებიან და ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, იცოდეთ, რომ თავს ირცხვენთ თქვენი მოსწავლეების წინაშე, რომლებსაც სიკეთე, სიყვარული, სამართლიანობა, დანდობა, ურთიერთპატივისცემა და უბრალოდ, ადამიანობა უნდა ასწავლოთ, მაგრამ, ვაი, რომ სკოლაში ამ თემებზე საუბარი, ალბათ, საჭიროდ აღარ მიაჩნიათ…
და კიდევ, ,,სიხარულის სახლში’’ კოშმარები არ ცხოვრობენ!!!
P.S. თუ ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ბეწვიც კი შეერხევა, იცოდეთ, რომ დედამიწას გადავდგამ!!! განათლების და მეცნიერების სამინისტრო“, _ წერს ნათია ლომინაძე.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ტარიელ კალანდაძეს ესაუბრა.
ტარიელ კალანდაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს თქვა, რომ ლომინაძის სტატუსში არ არის დაკონკრეტებული, რა ფაქტზე არის საუბარი.
„არანაირი ზეწოლა ბავშვებზე არ მიდის. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, ფაქტი უნდა დაასახელონ.“ _ გვითხრა ტარიელ კალანდაძემ.
ავტორი