გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ევროპაში (განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში) ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მსახიობი ლუი დე ფიუნესი იყო. მისი სახელი ინგლისურენოვან სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი ამერიკაში, პრაქტიკულად, უცნობი იყო 1974 წლამდე. სწორედ მაშინ გამოვიდა აშშ-ს ეკრანებზე ფილმი ,,რაბინი იაკობის თავგადასავალი”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ოქროს გლობუსზეც კი იყო ნომინირებული.
კარლოს ლუის დე ფიუნეს დე გალარზა დაიბადა 1914 წლის 31 ივლისს პარიზის შემოგარენში. მის მშობლებს მოუხდათ ესპანეთის დატოვება და საფრანგეთში გადასახლება, რადგან ოჯახები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ. სკოლაში პატარა ლუი საშუალოდ სწავლობდა, მას უფრო მასხარაობა და ბავშვების გართობა უყვარდა. ერთხელ მას მოუნდა ზორო განესახიერებინა და ისე მოარგო ლასოს მარყუჟი თავის ამხანაგს, რომ ის სასწაულად გადაურჩა დახრჩობას. ამ შემთხვევის შემდეგ დედამ ლუი სამუშაოზე გაგზავნა.
ლუი დე ფიუნესი უამრავი პროფესია გამოიცვალა: იყო შიკრიკი, ვიტრინების გამფორმებელი, დილაობით რძეს დაატარებდა. როცა ჯარში სამსახურის დრო მოვიდა, ის უარით გაისტუმრეს მისი გაბარიტების გამო _ დე ფიუნესის სიმაღლე მეტრი და 64 სანტიმეტრს, ხოლო წონა 55 კგ-ს შეადგენდა. ეს შეურაცხყოფა მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დაავიწყდება…
პირველი როლი სცენაზე დე ფიუნესმა ითამაშა პიესაში ,,მეფის ინდაური”, პირველად კრიტიკოსებმა მსახიობი იქ შეამჩნიეს. 1941 წლიდან ის დადიოდა თეატრალურ კურსებზე, სადაც გაიცნო თავისი მეორე ცოლი, ჟანი ბარტოლომი _ განათლებული ქალიშვილი, რომელმაც ზეპირად იცოდა ლაფონტენის შემოქმედება. ის ამაყობდა, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის გი დე მოპასანის ნათესავი იყო. ომის პერიოდში ლუი მუშაობდა სასურსათო საწყობში, შემდეგ ღამის კაბარეში მოეწყო პიანისტად (ის მშვენიერი პიანისტი იყო და ბრწყინვალედ უკრავდა ჯაზს), სადაც ღებულობდა ორ უფასო სადილს _ თავისთვის და ფეხმძიმე მეუღლისათვის.
პირველად ეკრანზე ლუი დე ფიუნესი გამოჩნდა 1945 წელს. ის დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ეპიზოდურ როლებს: მსახურებს, ქურდბაცაცებს, ოფიციანტებს, მეზობლებს, შვეიცარებს, მხატვრებს და სხვა მრავალ პერსონაჟს. 1945 წლიდან 1963 წლის ჩათვლით ის გამოჩნდა 112 ფილმში. საერთო ჯამში კი ფიუნესმა 130 როლზე მეტი ითამაშა კინოში და 100 მეტი როლი სცენაზე.
გაჭირვების გამო დე ფიუნესი იძულებული იყო, ყველაზე პაწაწკინტელა როლზეც დათანხმებულიყო. მას ფული არასოდეს ყოფნიდა ბინის ქირისა და სადილისთვის. მაყურებლისათვის ის ცნობილ სახედ 1954 წლიდან იქცა, როცა გამოვიდა ფილმი ,,მამა, დედა, მოსამსახურე და მე” თუმცა, მაყურებელს არ ახსოვდა მისი გვარი; ისინი იძახდნენ: ა, ეს ის მსახიობია რომელიც მეზობელს თამაშობდა. მაგრამ ნამდვილი წარმატება მას მოუტანა ფილმმა ,,ი ვუ, ნი ცონნუ” (თუმცა მას იქამდე უკვე ჰქონდა ნათამაშები მთავარი როლი სხვა ფილმში). ამ როლის შემდეგ დაიბადა ლუი დე ფიუნესის ეკრანული იმიჯი _ ვერცხლისწყალივით ენერგიული ქოლერიკი, წარმოუდგენელი მანჭვაგრეხითა და მიმიკით, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად დაუღალავად იღწვის. იმ დღიდან კრიტიკა უკვე მაღალ შეფასებას აძლევდა მის ნამუშევრებს, ხოლო მაყურებელმა როგორც იქნა დაიმახსოვრა მისი სახელი და გვარი. ამ ფილმით მიღწეული წარმატება მან განამტკიცა სხვა სურათებში მონაწილეობით: ,,მშვენიერ ამერიკელი ქალბატონი”, ,,ეშმაკი და ათი მცნება”, ,,სენტროპელი ჟანდარმი” და განსაკუთრებით კი ,,ფანტომასზე” შექმნილი სერიალით.
,,ფანტომასი” საკმაოდ პოპულარული კინოგმირი გახლდათ, მის შესახებ ჯერ კიდევ მუნჯი ფილმების პერიოდში იღებდნენ ფილმებს, მაგრამ ეს იყო სერიოზული დეტექტივები. ახალი ,,ფანტომასის” სერიები კი იყო ნაზავი დეტექტიურ-კომედიური ჟანრის. ფილმის მთავარ გმირად მოიაზრებოდა ჟურნალისტი და თვით ფანტომასი, ორივე როლს მოგეხსენებათ, ასრულებდა ჟან მარე. მაგრამ ფილმში სასწორი აშკარად გადასწია ლუი დე ფიუნესმა, რომელმაც ითამაშა კომისარ ჟუვის როლი. ეს არის ბრწყინვალედ გამოძერწილი პერსონაჟი _ საკუთარ თავში შეყვარებული, თავხედი, უპრინციპო, ამავე დროს სასაცილო, ყველაფრის მცოდნე ბრიყვი. საერთოდ ცხოვრებაში სწორედ ასეთი ბრიყვები არიან საშიშნი, უბრალოდ ბრიყვი, რომელსაც ამბიციები არა აქვს, უწყინარია, ხოლო ვისაც საკუთარი თავი ქვეყნიერების ჭიპად წარმოუდგენია, ეს უკვე ნაღდი საშიშროებაა, რადგან არ იცი რას მოელოდო მისგან. ის არაპროგნოზირებადია. მერე რამდენია მსგავსი ტიპი ჩვენში და მთელ მსოფლიოში. სწორედ ლუი დე ფიუნესის მიერ კომისარის ბრწყინვალედ განსახიერებული პერსონაჟის წყალობით უნდა უმადლოდეს ,,ფანტომასის” სერიალი მის უზარმაზარ წარმატებას.
საინტერესოა, რომ გადაღებებისას დე ფიუნესი ყველა ტრიუკის შესრულებას თავად ითხოვდა. თუმცა ერთხელ მორიგი ტრიუკის შესრულებისას ის დაშავდა და მთელი ერთი კვირა სასტუმროდან არ გამოსულა. მაშინ ფილმის რეჟისორი ანდრე იუნებელი ლამის გათეთრდა შიშისაგან. ამის შემდეგ საშიშ ტრიუკებს დე ფიუნესის მაგიერ კასკადიორი ასრულებდა
მას შემდეგ რაც პოპულარული გახდა, დე ფიუნესმა თავი უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და თავისუფლად იგრძნო, მან დაიჯერა საკუთარი ძალებისა. ნიღაბი, რომელიც მან ,,ფანტომასში” მოირგო, ამიერიდან მის საფირმო ნიშნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს ცირკში არასოდეს უმუშავია, მისთვის ჩვეული იყო კლოუნებისთვის დამახასიათებლი ელემენტების გამოყენება. კრტიკოსების აზრით, მისი წარმატების მთავარი საწინდარი ეს მძაფრი ჟესტიკულაცია და გადამეტებული მიმიკა იყო. დე ფიუნესს ბობოქარი ენერგია მემკვიდრეობით ესპანელ-პორტუგალიელი დედისაგან ერგო. თურმე როცა დედამისი რაიმეს აკეთებდა თითქოს შეტევა ემართებოდა, ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა, დედის ხასიათის ამ დეტალს ის ხშირად იყენებდა საკუთარი კინოპერსონაჟის გასამდიდრებლად.
კარიერის დასაწყისში სხვების მსგავსად, დე ფიუნესიც ხმარობდა ხოლმე გრიმს, ხან ულვაშებს იკეთებდა, ხან პარიკს, მაგრამ ბოლოს იპოვნა ნიღაბი _ საკუთარი განუმეორებელი, საოცრად მოძრავი და მრავლისმეტყველი სახე. მისი გმირი ეს ჩიკორა კაცია, არც თუ სიმპატიური, ბრაზიანი ბრიყვი, გადამეტებული, თეატრალური ჟესტიკულაციით, რომელიც თითქოსდა არ უნდა იწვევდეს მაყურებელში სიმპათიის გრძნობას, მაგრამ მოხდა საოცრება _ ის აუდიტორიის ნამდვილ კერპად საყვარელ, გმირად იქცა, ხოლო მის მიერ შექმნილი ნიღაბი მსოფლიო კინოკომედიის საგანძურში საპატიო ადგილი დაიკავა აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წამოძახილები, რასაც ის აქტიურად იყენებდა ფილმებში მან ისესხა უოლტ დისნეის დონალდ დაკისაგან
მის ფილმებს გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მაყურებელი უკვე გაგრძელებას ითხოვდა, მომდევნო წლებში არა მარტო ,,ფანტომასის” არამედ ,,სენტროპელი ჟანდარმის” შემდეგ სერიებსაც იღებენ.
საინტერესო იყო ლუი დე ფიუნესის და სრულიად განსხვავებული კომიკოსის, ასევე, უაღრესად ნიჭიერი და სახელგანთქმული ბურვილის თანამონაწილეობა კომედიებში. მაყურებელმა კარგად იცის ეს ფილმები – ..დოყლაპია” და ,,დიდი გასეირნება”. ერთი სიამოვნებაა ამ წყვილის ეკრანზე ყურება _ დე ფიუნესი დაუცხრომელი და ენერგიული, ტყვიამფრქვევვივით რომ ისვრის სიტყვებს (ნაღდ გურულს ჰგავს), ხოლო ბურვილი წყნარი და ზანტი. ცხოვრებაში ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. ,,დიდი გასეირნება” 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც აბსოლუტური რეკორდი იყო იმდროინდელი საფრანგეთისთვის, რადგან მაყურებელი მაშინ არც თუ ისე ეტანებოდა კინოთეატრებს.
დიდების ზენიტში ყოფნისას ლუი დე ფიუნესი ფრანგული კინოს ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი გახლდათ. მისი ანაზღაურება ერთი ფილმისთვის შეადგენდა 2,5 მილიონ ფრანკს, მაშინ როცა ალენ დელონს 2 მილიონს უხდიდნენ. ეს უზარმაზარი თანხა იყო იმდროინდელი ფრანგული კინოსთვის, რა თქმა უნდა, ეს ვერ შეედრებოდა ამერიკელი მსახიობების ანაზღაურებას _ მასშტაბები იყო განსხვავებული. ლუი დე ფიუნესი არა მარტო მაყურებლის, არამედ მასმედიის სიყვარულით სარგებლობდა, რადგან ჟურნალისტებთან ყოველთვის თავაზიანი იყო, ინტერვიუზე უარს არ ებნებოდა. დე ფიუნესი იქცა საფრანგეთის მთავარ ვარსკვლავად, სადაც კი გამოჩნდებოდა იქ უამრავი ხალხი იკრიბებოდა, მან საკუთარი სახლის კარზე განცხადებაც კი გამოაკრა ,,ვვაჭრობთ მხიარულებით _ 9 საათიდან 18 საათამდე”. ეს ხუმრობა ბევრმა სერიოზულად აღიქვა და მის სახლთან რიგები დგებოდა. უზარმაზარმა ჰონორარებმა ერთი უკუშედეგიც მოიტანა _ ბიუჯეტის გამო უკვე შეუძლებელი გახდა სხვა დიდი ვარსკვლავების მოწვევა ფილმში, რამაც გამოიწვია მეორე პლანის მსახიობების გაუფასურება, ფილმის მთვარ ღერძად დე ფიუნესი იქცა და მთელი სიმძიმე მასზე გადადიოდა. მისი პერსონაჟები უფრო კარიკატურულნი ხდებოდნენ, ჟესტიკულაცია და მიმიკა ხაზგასმით ფეთქებადი და რაც მთავარია ხშირად გადამეტებული იყო.
თუმცა იყო გამონაკლისებიც, მან რამდენჯერმე ითამაშა ფრანგული კინოს ლეგენდასთან ჟან გაბენთან ერთად. ფილმში ,,ჯენტლმენი ეფსონიდან” რეჟისორს მოუწია ბევრი დუბლის გადაღება, რადგან ჟან გაბენი სიცილს ვერ იკავებდა იმდენად სასაცილო იყო დე ფიუნესი. პოპულარობამ ვარსკვლავური ავადმყოფობაც შესძინა მსახიობს, რაც განუყოფელი ნაწილია თითქმის ყველა სახელგანთქმული შემოქმედისა. ზოგჯერ შუა გადაღებებისას დე ფიუნესი ჩერდებოდა და აცხადებდა რომ მან ამ სცენის უკეთესი ვარიანტი მოიფიქრა, წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა გადამღები ჯგუფი, ეს ხომ ყველაფერ ზედმეტ ხარჯებთან და დაკარგულ დროსთან იყო დაკავშირებული.
ლუი დე ფიუნესი განაგრძობდა შეუჩერებლივ ფილმებში მონაწილეობას, თუმცა მის მიერ მოგნილი გმირის აღარ ვითარდებოდა _მე ვმეორდები და ვმეორდები _ იძახდა სინანულით მსახიობი რეპეტიციებსა თუ გადაღებებზე მას ყველგან დაჰყვებოდა მისი ერთგული მეუღლე ჟანინი, ის ყველანაირად უწყობდა მას ხელს, დაჰყავდა ის მანქანით გადაღებებზე და შემდეგ უკან სახლში, ყიდულობდა საჭირო ნივთებს, აფთიაქსა თუ მაღაზიებში, ასევე აგროვებდა ყველაფერს რაც კი რაიმე იბეჭდებოდა მისი მეუღლის შესახებ ჟურნალ-გაზეთებში.
დე ფიუნესი აცხადებდა რომ მსოფლიოში უამრავი მსახიობია რომელსაც შეუძლია მაყურებელი აატიროს, მაგრამ იშვიათად გვხვდება მსახიობი, რომელსაც აქვს უნარი გააცინოს ვინმე. თვალში საცემია ის ფაქტი რომ ყველა მისი როლი თანაბარი დონის არ არის, კინოსგან განსხვავებით კი, როგორც სერიოზული კრიტიკოსები აცხადებენ, სცენაზე ნათამაშები როლები გამოირჩევიან სტაბილური დონით, ბრწყინვალე რიტმის გრძნობით, არაჩვეულებრივი დინამიზმით. სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონია ბედნიერება გვენახა ეს დიდი მსახიობი სცენაზე. ამბობენ, რომ სცენაზე დადგმული ,,ოსკარი” ბევრად უკეთესია ვიდრე კინოფილმი.
მსახიობი ეს როგორც პიანისტია ამბობდა დე ფიუნესი, რომელმაც ყოველ დღე უნდა ივარჯიშოს. თეატრი ეს სავარჯიშო გამებია, მაყურებელი ეს უწყვეტი ენერგიის ნაკადია, რომელთანაც კონტაქტის გარეშე, მსახიობის შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება ან კიდევ შეიძლება საერთოდ გაქრეს. სცენაზე მე ენერგიით ვივსები.
ხანგრძლივმა და მუდმივმა სტრესმა, მუშაობას არანორმალურმა რიტმმა თავისი შედეგი გამოიღო _ პირველი ინფარქტი ლუი დე ფიუნესმა მიიღო სცენაზე თამაშის დროს, მეორე ინფარქტი უკვე ჰოსპიტალში. მეორე ალბათ იმიტომ იყო საჭირო რომ პირველი ინფარქტი უფრო უკეთ შემეგრძნოო, _ხუმრობდა მსახიობი. დე ფიუნესი დიდხანს მკურნალობდა და ის ლამის დაივიწყეს. ეს არის შოუ ბიზნესი – თუ ყოველდღიურად, ყოველწამიერად არ შეახსენე საკუთარი თავის შესახებ, შენს ადგილს მაშინვე დაიკავებენ შენს ნაკვალევზე წამოსული ადამიანები, ეს პირველ რიგში ეხება ნიჭიერ ხალხს, თუ არა და უნიჭო ვის რაში სჭირდება! თუმცა ლუი დე ფიუნესს არ ივიწყებდნენ მისი ერთგული კოლეგები და შემოთავაზება მაინც მოდიოდა. ასეთი მეგობარი იყო რეჟიოსრი ჟან ჟირო რომელთანაც ერთად მან ,,ჟანდარმების” სერია გადაიღო, მაგრამ მათი უკანასკნელი ფილმის გადაღებისას ჟირო გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ მსახიობმა ინტერესი დაკარგა სიცოცხლისადმი. ის საკუთარ ციხე-სიმაგრეში გამოიკეტა და ვარდების მოშენებას მიჰყო ხელი და როგორც ამბობენ დიდ წარმატებასაც მიაღწია. ზოგიერთ ვარდს დღეს მისი სახელი ჰქვია. მთელი ცხოვრების მანძილზე ლუი დე ფიუნესი გაურბოდა ხალხმრავალ საზოგადოებას, მას მეგობრების ძალიან ვიწრო წრე ჰყავდა, თავისუფალ დროს ის ოჯახთან ერთად ატარებდა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლუი დე ფიუნესმა ცოლს უთხრა ,,მე ვიცი, რა იქნება ჩემი ყველაზე კარგი ხუმრობა, ჩემი დასაფლავება. მე ის ისე უნდა ვითამაშო, რომ ყველა სიცილით მოკვდეს”. ლუი დე ფიუნესი გარდაიცვალა 1983 წლის 28 იანვარს. დილით ის ოთახიდან გამოვიდა და ცოლს უთხრა მე მოწყენილი ვარ… ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. საფრანგეთმა დიდხანს ვერ დაიჯერა ამ დიდი ფრანგის გარდაცვალების ამბავი…
1982 წელს ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით ფრანგ კომიკოსებს შორის ლუი დე ფიუნესს პირველი ადგილი ეკავა, 55 ფრანგულ საუკეთესო ფილმს შორის კი 11-ში დე ფიუნესი მონაწილეობდა. ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებისა და ღვაწლისთვის მსახიობი ღირსების ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს (გახსოვთ, ალბათ, ფილმი ,,გაყინული” _ როგორ ნატრობდა მისი გმირი ამ ორდენის მიღებას). სიკვდილის შემდეგაც მსახიობს არ ივიწყებენ: 1998 წელს მის საპატივსაცემოდ საფოსტო მარკა გამოუშვეს. ანიმაციურ ფილმში ,,რატატუი” (2007) კი ბრაზიანი და ეჭვიანი შეფ მზარეულის გმირი დაფუძნებულია ლუი დე ფიუნესის მიერ შექმნილ პერსონაჟებზე.
თქვენი არ ვიცი და ჩემთვის განუმეორებელია სახე, რომელიც მან ,,ბატონ სეპტიმის რესტორანში” შექმნა – განსაკუთრებით, იმ სცენაში, სადაც ის ჰიტლერად ,,იქცევა” (ეს სცენა თავიდან ბოლომდე მისი მოგონილია). ალბათ, ჩარლი ჩაპლინის ,,დიდი დიქტატორის” შემდეგ ადოლფ ჰიტლერზე ასე არავის, სლენგი რომ ვიხმაროთ, უღადავია…
ირაკლი მახარაძე