ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელ ილია ღლონტს სახლში პოლიციამ მიაკითხა, თუმცა ამ დროს ის სახლში არ იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ილია ღლონტმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
მოგვიანებით კი იმის შესახებ თუ რა მიზნით იყვნენ პოლიციელები მის სახლთან კომენტარი გააკეთა სამოქალაქო მედია პლატფორმასთან “ისაუბრე”.
“დღეს შუა დღეს დაახლოებით 2 საათისკენ ჩემს სახლთან იყო 4 პოლიციელი მოსული და კარზე აკაკუნებდნენ. ეს შევიტყვეთ მეზობლებისგან. მანამდე ასევე გავიგეთ რომ პატრულის ეკიპაჟი იყო მოსული სახლთან. მეძებდნენ მე. მეზობლებს ეკითხებოდნენ მიცნობდნენ თუ არა და აქ ვცხოვრობდი თუ არა.
საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება იმას რა სტრატეგიაც მათ აირჩიეს უკვე დიდი ხანია რომ დაგვაშინონ, აქციის მონაწილეები დააჯარიმონ და ეს გააკეთონ ასე საჯაროდ პოლიციის მისვლით და ა.შ.
სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე უამრავი დანაშაული ხდება, პოლიციის რესურსი იხარჯება იმაში რომ ესე ჯარიმები დაარიგონ და სინამდვილეში, სხვა დანაშაულები უკანა პლანზე გადადის. ეს სამწუხაროა, მაგრამ მინდა გვესმოდეს, რომ სისტემა იმდენად აგონიაშია და იმდენად ეძებენ გამოსავალს, რომ როგორღაც ეს პროტესტი ჩაახშონ, ამიტომ მიმართავენ ამ მეთოდებს. ეგ პირიქით უნდა გვაძლიერებდეს. უნდა ვხვდებოდეთ რომ სწორ გზაზე ვართ და გამარჯვება ძალიან ახლოსაა”,_ განაცხადა ილია ღლონტმა.