“თუ აღმოჩნდება, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი მართლაც ახმედ ჩატაევია და მან მოახერხა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ეს ნამდვილად თითოეულ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან” _ ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლა ნიშნავს, რომ მოშლილია ყველა სტრუქტურა.
“თუ აღმოჩნდება, რომ ეს გარდაცვლილი მართლაც ახმედ ჩატაევია და მან მოახერხა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ეს ნამდვილად თითოეულ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან და ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების უნარიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით,“ _ აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე უცნობია ვინ არიან თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები. ცნობილია მხოლოდ ის, რომ არსებობს ეჭვი, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ერთ-ერთი გარდაცვლილი აშშ-ს მიერ საშიშ ტერორისტების სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი იყო.
„სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავთ როგორც საექსპერტო, ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას.
ეჭვი არის, რომ ჩატაევი შეიძლება იყოს, მაგრამ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ, როცა გაკეთდება ანალიზი, გვექნება ზუსტი პასუხი ჩატაევი იყო თუ არა“, _ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას.