დღეს, ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს.
როგორც “გურია ნიუსს” უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო.
“გურია ნიუსი” ჩოხატაურის მედალფას სამედიცინო ცენტრის დირექტორს, ანტონ ხუნდაძეს დაუკავშირდა, რომლის თქმით, ახალგაზრდას პირველადი ტესტით COVID 19 არ დაუდასტურდა.
“ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა ეს ახალგაზრდა 30 მარტს, გადაიღო რენტგენი, სადაც არავითარი კლინიკური ჩვენება არ გამოვლინდა. ფილტვები იყო სუფთა. ახალგაზრდა ტესტის ჩასატარებლად სახლიდან გადაიყვანეს. როგორც მითხრეს, ამ ბიჭს პირველადი ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჩემი მოსაზრებით, არც განმეორებითი ტესტით იქნება დადებითი პასუხი”, _ გვითხრა ცენტრის ხელმძღვანელმა.