საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ტრადიციული ღონისძება, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა, _ ინფორმაციას ლიცეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლიცეუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დროშის აღმართვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საუკეთესო აკადემიური მოსწრების, საუკეთესო დისციპლინისა და საუკეთესო ფიზიკური მომზადების მქონე კადეტებმა: ქეთევან გოგიამ და გიორგი თაბაგარმა. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ატარებენ სამხედრო ფორმაზე წარჩინების სიმბოლოს-ლიცეუმის დროშას. საპატიო მიზეზის გამო ღონისძიებას არ ესწრებოდა კადეტი ნინო ბარბაქაძე.
კადეტმა ქეთევან გოგიამ მეხუთედ მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რისთვისაც მას, დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცეუმის დირექცია დაუფინანსებს გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკაციო კურსს.
ცნობისთვის, დროშის აღმართვის ცერემონიალი ერთ-ერთია იმ პროგრამებს შორის, რომლებიც კადეტთა მოტივაციის და აკადემიური დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება აქვს ყოველი სასწავლო კურსიდან ერთ კადეტს, რომელიც სასწავლო კვირის განმავლობაში გამოირჩევა მაღალი აკადემიური შეფასებით, ფიზიკური მომზადების დონითა და დისციპლინით. აღნიშნული ნიშნით, გამორჩეულ კადეტებს ენიჭებათ უფლება, პირადი შემადგენლობის თანდასწრებით, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, აღმართონ სახელმწიფო დროშა.
საპატიო ღონისძიებაში ხუთჯერ მონაწილეობის შემთხვევაში, კადეტს, ლიცეუმისაგან გადაეცემა ფასიანი საჩუქარი, კერძოდ, მას კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაუფინანსებს სასერტიფიკაციო პროგრამებს. გასულ წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სამ კადეტს დაუფინანსა ისეთი სასერტიფიკაციო პროგრამები როგორიცაა: გრაფიკული დიზაინი და პროგრამირების ენა -„JAVA”. კადეტს თავად ეძლევა შესაძლებლობა დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი რამდენიმე პროგრამიდან აარჩიოს მისთვის სასურველი პროგრამა.
ინფორმაციისთვის, ქეთევან გოგიამ ცხრა კლასის ბაზა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში წარმატებით დაამთავრა გასულ სასწავლო წელს და ასევე წარმატებით ჩააბარა ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში.
ვულოცავთ ქეთას ამ დიდ წარმატებას და ახალ-ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ.