ჩოხატაური-ოზურგეთის გზაზე ჩანგრეული ხიდის ადგილას ახალი ხიდის აშენებაა დაგეგმილი. მშენებლობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2 მილიონი ლარით გამოაცხადა.
აღნიშნული ხიდი 2023 წლის სექტემბერში წყალდიდობის დროს ჩაინგრა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-2) საჯავახო – ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზის კმ 32 (31+541)-ზე, მდ. ნადინებზე არსებული დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“ თან ახლავს ტენდერს, რომლის მიხედვითაც ახალ ხიდს ააშენებენ.
„[2023 წლის] სექტემბრის თვეში მომხდარი წყალდიდობის დროს მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა და თითქმის მთლიანად დაანგრია ზედა მხრის ხიდის სანაპირო ბურჯები და ჩააგდო მალის ნაშენი. მოცემული სახით ხიდის შემდგომი ექსპლოატაცია შეუძლებელია. ამიტომ გადაწყდა ახალი ხიდის მშენებლობა.“ – აღნიშნულია პროექტში.
გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 27 იანვარს დაიწყება და პირველ თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 047 306 ლარია.
„მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 7 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე.
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს – 2 წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა. ამასთან, სამუშაოების გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
„პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა;
ან არაუმეტეს 2 შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა.“ – აღნიშნულია ტენდერში.
ჩანგრეული ხიდის მიმდებარედ მოძრაობა დროებით მოწყობილ სახიდე გადასასვლელზეა გადართული.
წყარო: ბათუმელები