ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი არჩილ სიხარულიძე, რომელიც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” სიით მოხვდა, “ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნებზე იგი “ეროვნულ ფორუმს” წარმოადგენდა, საიდანაც რამდენიმე თვის წინ გარიცხეს და შესაბამისად, საკრებულოში უპარტიო დეპუტატის სტატუსით სარგებლობდა.
სიხარულიძე კონტრეტულ მიზეზე არ საუბრობს და ამბობს, რომ “ასე ჩათვალა საჭიროდ”.
მისივე თქმით, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. მანამდე კი აღნიშნავს, რომ დღეიდან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრია, რომელიც სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა.
ამ დრომდე “ნაციონალურ მოძრაობას” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი დეპუტატი ჰყავდა და ფრაქციასაც ვერ ქმნიდნენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ განაცხადი ჯერ არ შესულა და მისთვის სიხარულიძის გადაწყვეტილებაც უცნობია.