მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მხარეების შესახებ შეთანხმება თითქოს შედგა, მუსლიმი მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ მერიასთან დგას.
ფირუზ წულუკიძე ამბობს, რომ მუსლიმებს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არ ეძლევათ.
“რომ კითხოთ ევროპაში შედიან, მარა არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვილოცოთ. გუშინდელ შეთანხმებას რაც შეეხება, ეს იყო პოლიციასა და მეორე მხარეს შორის მოლაპარაკება. მათ უნდოდათ რომ ხალხი დაეშალათ და პროტესტი ჩაეხშოთ. ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებული, ვინ იყო მოლაპარაკებაზე შესული. მოლაპარაკებას უნდა ესწრებოდეს ეკლესიის წარმომადგენელი, სახელმწიფო წარმომადგენლები, მუსლიმი მრევლიდან წარმომადგენლები, რომლებიც დასხდებიან და დაილაპარაკებენ. მედიაც უნდა აშუქებდეს. ლოცვის უფლება კონსტიტუციით გვაქვს და არ გვჭირდება ამ უფლების მოპოვება. ადამიანებთან გვინდა ურთიერთობა ისე დალაგდეს, რომ შემდგომ დაპირისპირება არ მოხდეს”, _ გვითხრა წულუკიძემ.