დღეს ხმაური იყო ჩოხატაურის “ალტ-ინფოს” ოფისთან _ მოქალაქეებმა ოფისის გახსნა გააპროტესტეს. მოქალაქეებს ოფისში დახვდნენ ორგანიზაციის ადგილობრივი ლიდერები სოსო თოხაძე და რომა გოგიბერიძე.
მოქალაქეთა მოთხოვნაზე, რომ საქართველოში, მითუფრო, გურიაში პრო-რუსული ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს, სოსო თოხაძემ უპასუხა, რომ ალტ-ინფოს რუსეთთან კავშირი არ აქვს.
“ეს არის კონსერვატიული, პრო-ქართული მოძრაობა და ამას არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთთან.
საქართველოში პუტინზე ნაკლები მტერი არ გვყავს? _ მტერია ის, ვისაც ფრონტის გახსნა უნდა საქართველოში. ვინც ბრიუსელში წავა და ჩვენს მთავრობას აგინებს იქ. თქვენი მოსაწონი არ შევარდნაძე იყო, არც მიშა იყო, არც ბიძინა იყო. აბა, ის იყო კარგი 15-მა პარტიამ (მოქალაქეებმა შეუსწორეს, რომ 17-მა) მოაწერა მემორანდუმს ხელი? ვისთანაც მოაწერეს ხელი, ისინი არიან ჩვენი სამშობლოს მტრები”, _ თქვა სოსო თოხაძემ.
აქციის მონაწილეები მალევე დაიშალნენ. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა, ირმა გორდელაძემ თქვა, დიალოგი რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს შორის შედგა.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც, ძირითადად, ოზურგეთელები იყვნენ, დაუბარეს “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებს, რომ ისინი ისევ მივიდოდნენ.