ჩოხატაურში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, ინფიცირებული კოხნარის საჯარო სკოლაში მუშაობს.
“გურია ნიუსთან” საუბრისას კოხნარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ახალაძე ამბობს, რომ მასწავლებელმა თავი შეუძლოდ სწავლის დაწყებიდან მეორე დღეს იგრძნო.
“სკოლაში უკვე მეექვსე დღეა მშვიდობაა. ვირუსი სხვას არავის დაფიქსირებია. ოთხშაბათს დილას დამირეკა და მითხრა,რომ სიცხე მისცა. ვუთხარი ტესტი გაეკეთებინა. ჩაიტარა და დაუდასტურდა ინფიცირება. ის საავადმყოფოშია, სახლში ტესტის გაკეთების შემდეგ თავისივე სურვილით აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახის წევრებიც თავს კარგად გრძნობენ. ვიცავთ რეგულაციებს. მერხებს შორის არ დავდივართ. ორმეტრიანი დისტანცია ყოველთვის დაცულია. ამიტომ უშუალო კონტაქტში არავისთან ყოფილა გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ მასწავლებელთან ერთად ერთი ტრანსპორტით მგზავრობდა და ახლა ის მასწავლებელი თვითიზოლაციაშია”, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა.