დღეს ჩოხატაურში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო აქტივისტი ნინო თოდრია იყო.
ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერში შეკრებილებმა გააპროტესტეს “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა გუშინ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
– მე ვაპროტესტებ კანონს, რომელიც გუშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ვაპროტესტებ იმიტომ, რომ ეს კანონი პირდაპირი კოპირებაა რუსული კანონის და ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენი ისტორია არის ევროპული და უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ეს კანონი კი შეაფერხებს ჩვენს ევროპულ ოჯახში დამკვიდრებას. დღეს მე დავგეგმე უბრალო აქცია, რადგან ვარ სამოქალაქო აქტივისტი და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც თავისი ბუნებით არის აქტივისტი, უნდა გამოვიდეს და თქვას თავისი სიტყვა! ჩვენ, უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, ჩვენი წინაპრები იყვნენ პირველები, განსაკუთრებით გურულები იყვნენ პირველები, ვინც შექმნეს გურიის რესპუბლიკა და ამით ცდილობდნენ რუსეთის იმპერიასთან დაპირისპირებას და ამავდროულად, ამ ეტაპზე გურია არის ყველაზე მოწყვლადი რეგიონი, აქ ადამიანები მხოლოდ სახელმწიფოსგან იღებენ ფინანსებს, სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მოვა, მეტიც შეიძლება მარტოც კი ვიყო ამ აქციაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიღაც ერთი მაინც გამოვიდეს და ყველას სახელით გამოხატოს პროტესტი!”_ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას ნინო თოდრიამ.