ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლაც დისტანციური სწავლების ფორმატში გააგრძელებენ მუშაობას”, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
სიხარულიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.
“ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციამ მოგვწერა ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩოხატაურში გართულებული ეპიდვითარების გამო, მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლა გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმატზე. რადგან, როგორც ცნობილია, ჩოხატაურში რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდასტურდა კოვიდ დადებითი. ვინაიდან მოსწავლეებს პირბადის გაკეთებას კანონი არ ავალდებულებს, მოსწავლეებიდან ერთმანეთში გავრცელების რისკის შესამცირებლად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რადგან მოსწავლეებს ინფექცია ოჯახის ინფიცირებული წევრებიდან გადაედოთ. სკოლაში კი, იმდენად მაქსიმალურად კარგადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომ მასწავლებლიდან გავრცელების რისკი ნულამდეა დაყვანილი. ანუ სკოლებში შიდა გავრცელებას ადგილი არ ჰქონია. ეს რომ არ მოხდეს, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის სკოლები 24 ნოემბრამდე გადავიდნენ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე”, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. რომლის თქმითაც, ინფიცირებულ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
“ყველა მოსწავლე და მასწავლებელი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ პირებთან, გადასული არიან თვითიზოლაციაში. თუმცა მოზარდებში ამის კონტროლი ძალიან ძნელია. გაფრთხილებულია ყველა სკოლის დირექტორი, რომლებმაც შესაბამისად, გააფრთხილეს მასწავლებლები და მოსწავლეები, რომ მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის წესები”, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.