ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც.
როგორც “გურია ნიუსს” მერმა დავით შარაშიძემ განუცხადა, უხვმა ნალექმა რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რის შედეგადაც სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა, ხოლო ერკეთის საბავშვო ბაღი სველი წერტილის გარეშე დარჩა.
“ძლიერი წვიმის შედეგად ჩოხატაურის რამდენიმე სოფელს ზიანი მიადგა. მაგალითად, ხიდისთავში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ლოკაცია წიფნაგვარას და ზენობნის მიმართულებით ჩაკეტილია. ამ წუთას მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე პრობლემები შეგვექმნა გუთურსა და ერკეთში. რამდენიმე ლოკაციაზე მიწა ჩამოიშალა გუთურში, რის შედეგადაც პრობლემები შეექმნა რამდენიმე ოჯახს. ასევე ერკეთში გვაქვს კიდევ სამი ადგილი, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემა შექმნა. მაგალითად, ერკეთის საბავშვო ბაღს სველი წერტილი წაართვა, მიწა ჩაშალა. პრობლემები შეიქმნა ასევე ხევში. რამონედიმე ოჯახი იქაც ჩაიკეტა. ტექნიკა უკვე მუშაობს. პირველ რიგში სამუშაოებს ვახორციელებთ იქ, სადაც ჩაკეტილია სოფლები, ოჯახები, მოსახლეობა. შემდეგ უკვე თუკი სადმე სხვადასხვა ინფრასტრუქტურას შეექმნა პრობლემა, დავიწყებთ იმის აღდგენას”,_ განაცხადა მერმა.
ავტორი