31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და მონასტერში განმწესდა.
პეტრე ცაავა სინოდის თავმჯდომარის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ უსამართლობას უწოდებს.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ უსამართლოდ გადამაყენა მღვდელმთავრობიდან. მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილება“, _ განაცხადა მღვდელმთავრობიდან გადაყენებულმა პეტრემ და შეკითხვაზე, თუ ვინ ამხილა, აღნიშნა, რომ სინოდის თავმჯდომარეს გულისხმობდა.
როგორც თეოლოგი ლევან აბაშიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა საკითხი არასწორი, მიუღებელი ფორმით და წესით დააყენა. მან საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა პატრიარქს და სინოდს.
„სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ მამათმავლობის საკითხს აყენებდა და არ მოუსმინეს. ცხადია, ამ საკითხის დაყენება ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ფორმა და თავის წესი. რა ფორმით და რა წესითაც შეეცადა ის, ამ საკითხის დაყენებას, იყო ყოვლად მიუღელებელი. ნებისმიერ მღვდელმთავარს შეუძლია ნებისმიერი საკითხის დაყენება. მეუფე პეტრე გამოვიდა და საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა ასევე პატრიარქს და სინოდს“,_ამბობს თეოლოგი აბაშიძე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში განმწესებას არ თანხმდება და ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განმწესებას ითხოვს.