დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით _ „ჩვენ _ 30 ამბავი“.
გამოფენის ექსპოზიცია მწერალ არჩილ ქიქოძისა და ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ურთიერთთანამშრომლობით შექმნილ 30 ისტორიასა და ფოტოპოტრეტს აერთიანებს.
გამოფენის ორგანიზატორი ფონდი „ტასო“ იყო. ფონდი „ტასოს“ ხელმძღვანელის, ქეთევან ჟორდანიას თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 30 ადამიანის ფოტოები და მათ შესახებ მცირედი ინფორმაცია.
პროექტის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების ხელშეწყობა.
„გვინდა, რომ მსგავსი გამოფენებით, შეხვედრებით და აქტივობებით მოხდეს იმ სტიგმის და სტერეოტიპების დანგრევა, რომელიც არის გავრცელებული საზოგადოებაში. გვინდა, ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ფოტოები და გაიზიაროს ეს ადამიანური ისტორიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მსგავსი გამოფენის მოწყობა”, _ აღნიშნა ქეთევან ჟორდანიამ.
საქართველოს დაუნის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი დარინა დუმბაძე: “მსგავსი ტიპის გამოფენები და შეხვედრები უფრო მეტად ხელს უწყობს საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდებას. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში”.
ავტორი