უკრაინელი მოზარდები ბათუმში, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს ვიზიტის ფარგლებში მყოფმა უკრაინის პირველმა ლედიმ მარინა პოროშენკომ მოინახულა. პირველმა ლედიმ პატარებისგან ვიზიტის შთაბეჭდილებები ბულვრში სეირნობისას მოისმინა.
უკრაინელი ბავშვების ერთი ჯგუფი 21 ივლისს სამშობლოში უკვე გაემგზავრა, ხოლო მოზარდთა მეორე ჯგუფი უკრაინაში ხვალ დაბრუნდება.
საქართველოთი და მასპინძლობით აღფრთოვანებული პატარები ახალშეძენილ მეგობრებს პირდებიან, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც ესტუმრებიან.
პროექტის ფარგლებში “ბავშვები ითხოვენ მშვიდობას” უკრაინელმა ვეტერანების შვილებმა საქართველოში ათი დღე გაატარეს. მოზარდებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფონდის „ალილო 2015″ წარმომადგენლები მასპინძლობდნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს ბათუმი და ქალაქის ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ხინკლის დამზადების ტექნოლოგიას, ყვავილებითშეამკეს გმირთა მემორიალი ქართველ ვეტერანებთან და ვეტერანების შვილებთან ერთად და გმირთა ხეივანში ნერგები დარგეს.
პროექტი „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას” მიზნად ისახავდა უკრაინასა და საქართველოს შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავებას, მეგობრობის პოპულარიზაციასა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციას.
პროექტი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან ერთად პროექტის თანაორგანიზატორია “შავი ზღვის ქალთა კლუბი” და საქველმოქმედო ფონდი “ალილო 2015”. (R)