„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გამოცხადებულ თემატურ სამხატვრო კონკურსში „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“, ერთ-ერთი გამარჯვებული ლანჩხუთელი მანანა ებრალიძეა.
კონკურსის ფარგლებში ორი გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო. კონკურსის საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენდა კომპანიის გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი შეარჩევდა Facebook-ის მომხმარებელი მოწონებების საშუალებით.
ახალგაზრდა ლანჩხუთელი მხატვარის ნამუშევარი სწორედ ფეისბუქმომხმარებელთა რჩეული აღმოჩნდა 80 ნახატს შორის.
„სამი წლიდან ვხატავ. აბიტურიენტობის დროს ვერ ვახერხებდი. ამ კონკურსშიც ხატვის მონატრებულმა მივიღე მონაწილეობა და მართლაც ხალხის უდიდესი მხარდაჭერით გამომივიდა. 4200-ზე მეტი მოწონება იყო. ძალიან გახარებული ვარ, ჩემთვის, როგორც დამწყები ხელოვანისთვის, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, _ ამბობს მანანა ებრალიძე, რომელიც ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია.
როგორც ირკვევა, კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, გამარჯვებულებს გადაეცემათ 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები.