დღეს საქართველოში წმინდა გიორგის შობის დღესასწაული აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საღვთო მსახურება სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს მიმართა:
„წმ გიორგის როცა აწამებდნენ და იცლებოდა სისხლისგან, მან წარმოთქვა სიტყვები – „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. სინამდვილეში ის მარტო არ იყო. ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა – „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო“. მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა. სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგობა წელიწადში ორჯერ – 6 მაისს წმიდანის შობის დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.