საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.ზურაბიშვილმა დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა.
გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა სამაშველო ჯგუფებსა და მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშველო სამუშაოებს ახორციელებენ.
ზურაბიშვილმა საჭიროების შემთხვევაში სხვა ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
“მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება იმ ტრაგედიაზე, რაც დატრიალდა გუშინ ღამეს და დღეს. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ ის დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები. ეს ტრაგედია ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც იზიარებს ყოველივე ჩვენი მოქალაქე. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რათა გადალახონ ეს უსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, მოქალაქეს, რომელიც ადგილზე ყველაფერი რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რათა გადარჩენილიყვნენ ის ადამიანები, ვინც გადარჩნენ. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქაა ჩართული. დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და პირადად მე, ყველაფერში ჩავერთვები, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენ თვითონაც ვნახავთ მომდევნო დღეებში, რა კუთხით შეიძლება ჩვენი როლი და წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მაშველებს, მათი როლი არ დასრულებულა და ესაა ძალიან რთული ამ პირობებში მათი მუშაობა.
ასევე, მინდა მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს უკვე გამოაცხადა სოლიდარობა ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მოვისმინე პრემიერისგან რომ ჯერ არ ვთვლით, რომ რამე დახმარება იყო საჭირო სხვა პარტნიორებისგან, თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ და ვიქნებით ერთად”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.