„ჩვენ ცალკე პარტია ვართ „სოციალ-დემოკრატები“ და ლაპარაკია იმაზე, რომ უმრავლესობიდან შეიძლება გავიდეს ჩვენი ხალხი. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მთელ რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით, ეს ეხება საგადასახადო სისტემას, ინდუსტრიის ხელშეწყობასა და ა.შ. ეს მიზეზები დიდი ხანია არსებობს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანს მოლოდინი აქვს, რომ უმრავლესობის მიერ „სოციალ-დემოკრატების“ წინადადებები მომავალში გათვალისწინებული არ იქნება.
„საკონსტიტუციო ცვლილებების დროსაც გვქონდა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი წინადადებები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული. შემდეგ მთავრობას მივმართეთ, ახლა რაღაც კანონპროექტები გვინდა შევიტანოთ და განხილვის პროცესები აჩვენებს, მოვლენები როგორ განვითარდება. მოლოდინი მაქვს, რომ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება და ჩვენი წინადადებები არ იქნება გათვალისწინებული. მიმაჩნია, რომ ასეთი პოლიტიკა რადიკალურად უნდა შევცვალოთ“, _ აღნიშნა ჟორჟოლიანმა.