ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს გორთან მომხდარი ავტოავარიის დროს მისი მხარდამჭერების და წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
“რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა– ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ ტრაილერი დაეჯახა.
მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია.
სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“– ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 10 ადამიანი. ისინი გორის კლინიკაში გადაიყვანეს. მიკროავტობუსს, რომლითაც თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მყოფები ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, სატვირთო ტრაილერი შეეჯახა.
გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.