საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ქეთევან კუკულავას ნოველების კრებულის „დაკარგულები “ პრეზენტაცია მოეწყო. ღონისძიებას უძღვებოდა იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი – თამთა მეგრელიშვილი.
ნოველების კრებული ემიგრანტების ცხოვრებას ასახავს, რომლის პერსონაჟები ოჯახის გადასარჩენად უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში არიან მიმობნეული. ბევრი მათგანი უკვე მრავალი წელია უცხოეთის მიწაზე ცხოვრობს და მათი სამშობლოში დაბრუნების თარიღიც გაურკვეველია. ამასთანავე, რთულია ემიგრანტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სამწუხაროა, რომ საქართველოდან გადინება არა თუ შემცირდა, არამედ, პირიქით, მათ რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, ეს კი რა თქმა უნდა სავალალო შედეგამდე მიიყვანს ჩვენს მცირერიცხოვან ერს…
შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეზე. წაიკითხეს ნოველებიდან ამონარიდები.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდა რამდენიმე ემიგრანტი, მათ შორის ჩვენი რაიონის მკვიდრი ხატია პაიჭაძე, რომელიც 17 წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრების შემდეგ საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში.
ემოციებით დატვირთული ღონისძიების გზავნილი კი ასეთი იყო _ „ჩვენო ემიგრანტებო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ.“