ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სავალდებულოა საჯარო სამსახურებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით იზღუდება საკრებულოში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, აგრეთვე, საკრებულოში დაგეგმილი სხდომების ჩატარება.
საკრებულოს აპარატის თანამშრომლების უმრავლესობა დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის. საკრებულოში გამოცხადდებიან თანამშრომელები არსებული გრაფიკის შესაბამისად, რომლებიც უზრუნველყოფენ საკრებულოს შეუფერხებელ მუშაობას.
დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს საქმიანობის ეფექტიანობას არ შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.
ვთხოვთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრებებისგან, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!