“დაახლოებით, 10 დღეში შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. მანამდე ჯერ კიდევ არის სივრცე, რომ შედგეს გარკვეული დიალოგი და მივაღწიოთ შეთანხმებას”, _ ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მოიცავს როგორც იმ სამ პარტიას, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების თხოვნით არ მიმართეს და იმათ, ვინც შესაბამისი განცხადება უკვე დაწერა.
„არის ალბათ ეს სამი პარტიაც და არიან ის პარტიებიც, რომლებმაც განცხადება უკვე დაწერეს, მაგრამ მათთანაც არის საუბრის სივრცე. ანუ სივრცე არის უფრო ფართო, ვიდრე შეიძლება მოიცავდეს სამ პოლიტიკურ პარტიას. დროის თვალსაზრისითაც სივრცე რჩება, დაახლოებით 10-დღიანი დღეიდან იმიტომ, რომ დაახლოებით 10 დღეში შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. მანამდე ჯერ კიდევ არის სივრცე, რომ შედგეს გარკვეული დიალოგი და მივაღწიოთ შეთანხმებას. თუ მათი მხრიდან არის მზაობა ამისთვის, ბუნებრივია, შედგება შეთანხმება. თუ საბოლოო ჯამში დადასტურდება, რომ ვიღაცას არ ჰქონდა ამის მზაობა და თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ამ შემთხვევაში ისინი არ შეუერთდებიან შეთანხმებას და მათ მიმართ, ბუნებრივია, ამოქმედდება სამართლებრივი რეაგირების ის მექანიზმები, რომლებსაც ვუპირისპირებთ საპარლამენტო საბოტაჟს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯერჯერობით, უცნობია თუ როდის გაიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. პარალელურად, 8 ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სუბიექტმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით უკვე მიმართა. შესაბამისი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისთვის არ წარუდგენია სამ პარტიას: „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.