ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს პირველი მაცხოვრებელი უკვე ჰყავს _ დავით ჟღენტი, ახალშექმნილ დაბაში, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, დღეს ჩაეწერა.
საჯარო რეესტრში საცხოვრებელი სახლისთვის ნუმერაციის მისანიჭებლად დღეს კიდევ ოთხმა მოქალაქემ მიმართა.
კანონმდებლობის თანახმად, ისინი ბახმაროს მაცხოვრებლის სტატუსს 10 დღეში მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროს დაბის სტატუსი ოფიციალურად მარტის ბოლოს მიენიჭა.
შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს დაბა ბახმაროს მცხოვრები:
_ არ აქვს მნიშვნელობა ბახმაროში ფლობს თუ არა ქონებას. ყველას შეუძლია მისი მაცხოვრებელი გახდეს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დაბის სტატუსთან ერთად, ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ისარგებლებს.