დაბა ლაითურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვნები, უსახლკაროდ, ღია ცის ქვეშ დარჩა.
ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზად ელექტროენერგია სახელდება.
მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებლები უვნებლად გადარჩნენ. ადგილზე გურიის სამაშველო და სახანძრო ბრიგადები მუშაობდნენ. იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ჯერჯერობით, გაურკვეველია სად იცხოვრებენ უბინაოდ დარჩენილი ადამიანები. ისინი დროებით ნათესავებს შეაფარებენ თავს.
დაეხმარება თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს, ამასთან დაკავშირებით დაბა ლაითურის დეპუტატი გია ჩაგანავა ამბობს, რომ ამ თემას ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურებთან და წარმომადგენლებთან ერთად გაივლის.