კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეს, დილიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად, მოსახლეობას სახლში აკითხავდნენ და თერმოსკრინინგს უტარებდნენ.
ნასაკირალის სამივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტებიც მოეწყო, სადაც დაბაში შემსვლელ მოსახლეობას ამოწმებდნენ. თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდა მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენა არ მომხდარა, 3000 მოსახლეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. გასინჯული ადამიანებიდან სიცხე არცერთ მათგანს არ ჰქონდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას მთელი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ.
გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა. ხელისუფლება მსგავს საპრევენციო ღონისძიებებს საჭიროების შემთვევაში რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ჩაატარებს.