საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი შეაფასა და აღნიშნა, რომ “კონსტიტუცია ყველასია” კამპანიის ფარგლებში შეხვედრების მიზანი, სწორედ საკონსტიტუციო კომისიის წევრების ინფორმირება იყო მოსახლეობის იმ დამოკიდებულებების შესახებ, რა საკითხებზეც ისინი მუშაობდნენ.
გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის შესახებ სტუდენტებს გააცნო საკუთარი მოსაზრება პრეზიდენტის არჩევის წესთან, უფლებების შეზღუდვასთან, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლასა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
“პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულველყოფილი და ახალი ვერსიით არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით ე.წ. სამასი ხმოსანი.
მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ამ ახალ პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ გააჩნია რეალურად ის მცირედი უფლებებიც კი, რაც 2013 წლიდან პრეზიდენტს ჰქონდა. და, ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი; მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტიან თავდაცვით საქმიანობას და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობას.
გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად, პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება, რომ ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი და მის მოქმედებას ფაქტობრივად აღარ ექნება ეფექტიანობა”, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტში დადებით და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილება – პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა, აღნიშნა, რომ ახალი ჩანაწერი გაურკვეველი ლოგიკისაა, როცა არჩევნებში გამარჯვებული პარტია გაუნაწილებელ მანდატებს მთლიანად ითვისებს.
“ეს საკითხი დემოკრატიის ლოგიკასთან საერთოდ არანაირ შეხებაში არ მოდის – ჩვენ საზოგადოებას უნდა აგვიხსნან პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ გამარჯვებული – პირველ ადგილზე გასული პარტია, მთელ გაუნაწილებელ მანდატებს იღებს თავისთვის.
ის პოზიცია, რომელსაც საზოგადოება გამოხატავდა სოციალურ დაცულობასთან დაკავშირებით, ეს ასახულია კონსტიტუციაში და მართალია, მაინც და მაინც, ასეთი მტკიცე ენით არ არის ის კონსტიტუციის პროექტში დაწერილი, მაგრამ გარკვეული მინიშნება, რომ სახელმწიფოს გააჩნია ადამიანის სოციალურ უფლებებსა და საჭიროებებზე ზრუნვის ვალდებულება, ეს კონსტიტუციაში ჩაწერილია და ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია განათლების, ჯანდაცვის მიმართულებებით, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თვალსაზრისით, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე”, _ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძნელი სათქმელია ვის ინტერესებს, სურვილებს, თანხმობას გამოხატავს ახალი დოკუმენტი, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების სულისკვეთებას და სათქმელს უნდა ასახავდეს.
“ამ ვითარებაში, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია; როდესაც, ფაქტობრივად ქრება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები; როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავდროულად გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ; ვითარებაში, როდესაც თვითმმართველობის და ტერიტორიული მოწყობის შესახებ რეალური და პრინციპული არაფერია ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა მივაწოდოთ ჩვენი აზრები და იდეები კომისიას”, _ მიმართა სტუდენტებს გიორგი მარგველაშვილმა.