ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი ფრანგ პოეტსა და დუელანტზე სირანო დე ბერჟერაკზე ფილმის გადაღებას გეგმავდა. სურდა, ბერჟერაკის როლი არა პროფესიონალ მსახიობს, არამედ რომელიმე ცნობილ პოეტს ეთამაშა.
ფილმის შესახებ ვლადიმერ ვისოცკიმაც შეიტყო, რომელსაც ძალიან უნდოდა ამ როლის თამაში და ერთ-ერთ თავყრილობაზე რიაზანოვს სთხოვა, მისთვისაც მიეცა შანსი.
საუბრისას რეჟისორმა დიდი უტაქტობა გამოიჩინა – კაცს, რომლის სიმღერებს (რომელთა ტექსტების ავტორიც თავად იყო) მთელი ქვეყანა უსმენდა, უპასუხა: მაპატიე, მაგრამ მინდა, ეს როლი ნამდვილმა პოეტმა ითამაშოსო. მაშინ ფილმის გადაღება ჩაიშალა.
გამოხდა ხანი. რეჟისორი სანატორიუმში ისვენებდა. პალატაში ვისოცკის “ფანთან” ერთად მოხვდა, რომელსაც მაგნიტოფონი და უამრავი კასეტა ჰქონდა მომღერლის ჩანაწერებით. “მკვდარი საათის” დროს ჩართავდა და უსმენდა.
რიაზანოვმა მაშინ პირველად მოუსმინა სერიოზულად მომღერალს, რომელიც მოგვიანებით “რუსეთის სინდისად” აღიარეს.
მოსკოვში დაბრუნებულმა დაურეკა ვისოცკის, ბოდიში მოუხადა და თავისი აღტაცებაც დაუდასტურა. მომღერალს, როგორც ჩანს, წყენა ჯერაც არ განელებოდა. ახლა მაინც თუ გადამიღებდით სირანოს როლშიო, ჰკითხა. ახლა გადაგიღებდითო, –დაეთანხმა რეჟისორი.
ავტორი