უკვე რამდენიმე წელია, რაც სოფელ წყალწმინდის მოსახლეობა ზღვაზე გასასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვს. ამის თაობაზე არაერთხელ დაიწერა კიდეც, მათ შორის “გურია ნიუსშიც”, თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
“წყალწმინდას არავინ ახსენებს, გვაღირსონ ზღვაზე გასასვლელი გზის გაკეთება. გამოიცვალა ამდენი მთავრობა და ჩვენ საშველი მაინც არ დაგვადგა. დიდის ამბით მოვლენ, დაგვპირდებიან, მაგრამ არც არაფერი. იმდენი დაპირება გვაქვს მოსმენილი, რომელი დაპირების შესრულებას დაველოდოთ?!” _ კითხვას სვამს აქაური მოსახლეობა.
სოფელ წყალწმინდის მკვიდრმა, ალიანა ბასკაკოვამ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც წლებია, გადაულახავ ზღუდედ იქცა აქაურებისთვის, ბევრჯერ დაწერა ლანჩხუთის მერიის ფეისბუქგვერდზე და ფაქტის ამსახველი ფოტო თუ ვიდეო მასალასაც არაერთხელ გამოაქვეყნა.
“ეს შავ ზღვაზე გასასვლელი გზა, რომელზეც წლებია მოსახლეობა წერს და ჩვენი მერია კითხულობს… დაგვირიგეთ ნავები, ტურისტებს გავასეირნებთ, რაღაცა 800 მეტრშია ზღვა”, _ რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მერიის მისამართით დაწერა ალიონა ბასკაკოვამ.
იგი იმასაც დასძენს, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემის გადაჭრა, Წყალწმინდის მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
“Წყალწმინდის მოსახლეობის გულისტკივილია. Ახალგაზრდები გაგვექცა, გზა და წყალი რომ ყოფილიყო, საოჯახო ბიზნესით დაკავდებოდა ყველა, ტურისტებსაც მივიღებდით, ოჯახები არ დაცარიელდებოდა”.
წყალწმინდაში, ზღვაზე გასასვლელი გზა რომ დროულ მოწესრიგებას საჭიროებს, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთის საკრებულოში კახა თედორაძეც ადასტურებს.
“მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ყველა ინფორმირებულია ამ საკითხზე. მუნიციპალიტეტის მერიც საქმის კურსშია და სათანადო ღონისძიებების გატარებაც იგეგმება მიმდინარე წლისთვის. წელს ამ გზის მოშანდაკება არის გათვალისწინებული”, _ პირობა მივიღეთ სოფლის დეპუტატისგან.
[sexy_author_bio]