თბილისის მერია უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხეები.
განცხადების თანახმად, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში გავრცელდა დატბორილი წერეთლის გამზირის ამსახველი ვიდეომასალა, კონტექსტით, თითქოს სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს, რაზეც მერია განმარტავს, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს.
მერიის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებიან მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
„თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთოდა სეტყვა და გრიგალი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირებული მეტეოროლოგიური მოვლენა განეკუთვნებოდა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიას.
უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში.
რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მყისიერად და თითქმის დასრულებულია.