დაჯარიმდებიან თუ არა, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლიათ, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, სამართალი ცნობს პრინციპს, რომ როდესაც ადამიანის სიცოცხლეს სჭირდება დაცვა, ვერავინ დაავალდებულებს, რომ გაიკეთოს პირბადე.
„ჩვენ მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული. სამართალი ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ასეთი პირი არ დაჯარიმდეს. ამისათვის შესაბამისი წესები და რეკომენდაციები, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შემუშავდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაიწეროს და დარეგულირდეს ეს საკითხები. ამიტომ, ეს არავის უნდა დააწყვეს მძიმე ტვირთად და გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი შესაძლებლობა, რომ თუ დამატებითი საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვა ისეთი ტიპის რეგულაცია, რომ ერთი მხრივ, არც დაჯარიმდეს მოქალაქე და მეორე მხრივ, არც მიმოსვლის თავისუფლება შეეზღუდოს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.