დღეს, ოზურგეთში, ძირითადად, გურიის ქუჩაზე, წინასაახალწლო ბაზრობა ადრიანად დაიწყო.
ე.წ. „ბირჟაზე“ ყველაზე ადრე გამოცხადდა ბოშათა ბანაკი. „კაი გოგო, არ გადამიღო, ახალი წელი გვინდა ჩვენც“, _ ამჯერად ენატკბილობენ სხვა დროს უხეშობით ცნობილი ბოშა ქალბატონები.
გურიის ქუჩაზე ხილეულ-ბოსტნეულის დიდძალი რაოდენობაა გამოტანილი. თუმცა, ვაშლი პირველობს.
„ამდენი ვაშლი ოზურგეთში არასდროს შემოუტანიათ“- საუბრობენ ადამიანები ერთმანეთში.
ყველაზე უფრო დილიდან ყველის ყიდვის მსურველები ბუზღუნებდნენ, რადგან სოფლის ყველი, ფაქტიურად არსად იყო. შემოტანილია ქარხნული წარმოების ყველი, ერთი კილოგრამი 12 ლარი ღირს.
_ჩვენ გადაგვიღეთ, ჩვენ, ხუთი ადამიანი დავრჩით დახლებთან. გაცვივდა ყველა ქუჩაში . ახლა შეიძლება ასფალტზე დაყრილი პროდუქტის ყიდვა? აღარ არის პანდემია? გაიხედეთ, ერთი კლიენტი თუ არის სადმე – შემოგვწყრნენ ოზურგეთის აგრარულ ბაზარში , დახლებთან მდგომი მოვაჭრეები.
თუ რატომ გამოვიდა მოვაჭრე ხალხი ასე ერთბაშად ქუჩაში, რამაც დახლების დაცარიელება გამოიწვია და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებითად შეამცირა საახალწლო სურსათ-სანოვაგის მყიდველთა რიცხვი, „გურია ნიუსს“ ასეთი პასუხი გასცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა, შაქრო ჩანქსელიანმა:
_ეს არის წინასაახალწლო ბაზრობა. ორი დღით ადრე დაშვებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და რა უნდათ? მთავარია, ჩვენ დავიცვათ წესრიგი, დისტანცია, ხალხს ეკეთოს პირბადე.
დღეის მდგომარეობით, ფასების მატება, ყველის გარდა, სხვა სასურსათო პროდუქტებზე მნიშვნელოვნად არ აღინიშნება.
ხორცი კვლავინდებურად, ერთი კილოგრამი 18 ლარი ღირს . დაკლული, ახალი ქათამი -7,50 ლარი. ცოცხალი ქათამი საშუალოდ 25 ლარი ღირს, ინდაური _ 40-50 ლარი. ცოცხალი გოჭის ფასი, ერთი კილოგრამის, 12 ლარია.
_მყიდველიც არაა ბაზარში. ხალხს ფულიც შემოელია და ამ კორონამაც გვარიანად დააფრთხო. აქამდეც რას ვვაჭრობდით ბევრს და ახლა უნდა ვიყოთ მთელი დღე ტყვილა დაყუდებული. კიდე კაი, მზიანი დარია და ყინვაც არაა. ამინდიც წყალობად უნდა ჩავთვალოთ ამ საახალწლოდ, _ ამბობენ სოფლიდან ჩამოტანილი სასურსათო პროდუქტით მოვაჭრეები.
ახალი წლის მშვენების, გოზინაყისთვის საჭირო ინგრედიენტებიც არ ღირს ძალიან ძვირი. ძირითადად ნახევარლიტრიანი ქილით წარმოდგენილი, დაფასოებული ნატურალური თაფლი 12 ლარი ღირს. ერთი კილოგრამი ნიგოზის ფასი, საშუალოდ , 12-დან 16 ლარამდე მერყეობს.