ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში თითქმის, ყველგან გვხვდება. გურიაში, როგორც სარეველა ბალახი, უხვადაა ბაღ-ბოსტნებში.
ბოლო პერიოდში, დანდურმა, ჯიჯილაყასთან ერთად, “ახალი სიცოცხლე” ჰპოვა და გურიაში ძალზე ხშირად მიირთმევენ მხალის თუ მწნილის სახით. მხალეულის სახით მას ნიგოზში, ასევე, ზეთშიც აკეთებენ. განსაკუთრებით კი მწნილის სახით მოსწონთ, რის დამზადებასაც დიდი დრო არ სჭირდება და ძალზე გემრიელია.
დანდურს აქვს დატოტვილი, ნახევრად მიწაზე გართხმული, ხორციანი ღეროები და ფოთლები, რომლის საკვებად გამოყენება კარგია, როცა ნორჩია.
მწნილის დასამზადებლად უნდა დავკრიფოთ გადაუბერებელი, ჩვილი ღეროები. უმჯობესია, მდუღარე გადავავლოთ. აკეთებენ მოუწალავადაც. შემდეგ დავჭრათ ზომიერად და სამ საშუალო კონა დანდურის მასას დავახეხოთ სამი-ოთხი კბილი ნიორი. დავაჭრათ მწვანე მწვანილეული _ ოხრახუში, ქინძი, ნიახური, პრასი და ცერეცო. ვუყოთ ცოტა ძმარი და ზეთი; მარილი და წიწაკა გემოვნებით. ძალიან გემრიელ მჟავეულ სალათს მივიღებთ.
დანდურს ძველთაგან ასევე გააჩნია სამკურნალო თვისებებიც და სხვადასხვა დაავადებისთვის გამოიყენებენ ხალხურ მედიცინაში. ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივია ჭრილობის ან დაზიანებული კანის ჩამოსაბანი ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოვამზადოთ:
ერთ ჩაის კოვზ დანდურის თესლს დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დავდგათ. გაგრილების შემდეგ გავწუროთ. ასეთი სითხით ჭრილობა თუ კანის დაზიანებული ადგილები დღეში 3-4-ჯერ ჩამოვიბანოთ.
დანდური ახლა უხვადაა ჩვენს ბაღ-ბოტნებში. შემოდგომაზე კი შეგიძლიათ მისი თესლი აიღოთ და შეინახოთ. დააკვირდით ბოსტნებში, თოხნის დროს, რომ არ მოჭრათ.
ისე კი სასურველია, დანდურს მივუჩინოთ ადგილი ჩვენს ბაღ-ბოსტნებში. მართალია, ის საკმაოდ გავრცელებულ სარეველად ითვლება, მაგრამ შესაძლებელია ისიც, რომ ხშირი გათოხნის შედეგად, ნაკლებად შეგვხვდეს ან სულაც გადაშენდეს. ამიტომ ჯობს, გვქონდეს “დანდურის კუთხე”.