ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე – გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ვითარება.