პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საქართველოში პარტიების დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა. ცინცაძის თქმით, მაშინ, როცა საქართველოში ყოველწლიურად ძვირდება საარჩევნო კამპანია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა პარტიებისთვის კაპიკებს უდრის. პოლიტოლოგის განცხადებით, არსებული რეალობა დემოკრატიის ეფექტურობის ზრდაზე დადებითად ვერ მოქმედებს.
,,დაფინანსებას, დახმარებას, ამ ყველაფერს აზრი აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. არავინ იცის, ერთი- ორი პარტიის გარდა, ვინ რაში გამოიყენებს სახელმწიფო დაფინანსებას. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებიდან არჩვენებამდე კატასტროფულად ძვირდება საარჩევნო კამპანია და ის მიზერული თანხა, რომელიც პარტიების არსებობას უზრუნველყოფს, არაფერს წყვეტს. მთავარია, ყველა პარტიას ჰქონდეს წინასაარჩევნო სასტარტო პირობები. დღეს პენსიონერებს უძვირდებათ წამლები და ამ დროს ფარმაცევტული კომპანიები რაღაც აქციებს აწყობენ კვირაში ერთხელ, მაგრამ სხვა წამლებს ორმაგად აძვირებენ, რაც არ არის სწორი. დაახლოებით, იგივე პროცესი ვითარდება აქაც. ამიტომ ეს კაპიკები ვერც პარტიებს აძლიერებს და ვერანაირ გავლენას ახდენს დემოკრატიის ეფექტურობის ზრდაზე„, _ განცხადა ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას სოსო ცინცაძემ.