ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილება, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატა ახალი _ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, უკვე ძალაშია.
ამ ცვლილებებით განისაზღვრა მოადგილეების რაოდენობაც _ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ, არა უმეტეს, სამი მოადგილისა.
ცვლილების გათვალისწინებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 ახალი თანამდებობის პირი ჰყავს _ დავით შარაშიძე, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილეა; შოთა ჩხიკვაძე _ ფრაქცია “ქართული ოცნება მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილე; ზვიად წეროძე _ ფრაქცია “ქართული ოცნება _ კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილე და გივი თავაძე _ ფრაქცია “ქართული ოცნება” მრეწველების თავმჯდომარის მოადგილე.
ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა გამდლიშვილი მალე კიდევ ერთ მოადგილეს დანიშნავს, რომლის შესაძლებლობასაც კანონი აძლევს.
გამდლიშვილის თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება მისი კიდევ ერთი მოადგილე, ჯერ არ მიუღია. ჩვენი ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე დანიშვნა საკრებულოს წევრს ქეთევან სიხარულიძეს სურს, რომელიც ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას ცოლისდაა.
როგორც გვითხრეს, ჩოხატაურის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურება 1 250 ლარს შეადგენს და უკვე დანიშნული მოადგილეები ანაზღაურებას, რომელსაც ხუმრობით პენსიაც კი უწოდეს, ამ თვის ბოლოს აიღებენ.
მართალია, საზოგადოებაში პენსიაზე და პენსიონერებზე ხუმრობენ, თუმცა, ეს საკითხი სახუმაროდ არ მიაჩნიათ თვითმმართველობის ექსპერტებს.
სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტული ადამიანების პირად კეთილდღეობაზე მოარგეს:
_ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფორმებულია კოდექსში _ რაიმე სტანდარტი ან კრიტერიუმი საკრებულოს კანონმდებლებმა არ დაუწესეს. შესაბამისად, საკუთარი შეხედულებისამებრ და შეუზღუდავად შეუძლია საკრებულოს უმრავლესობას ამ გადაწყვეტილებების მიღება.
როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობებში დასაქმების პოლიტიკა შეცვალა თუ გააფართოვა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ.
გვახსოვს, წინა მოწვევის საკრებულოების წევრებს სხდომებზე დასწრებისთვის ხელფასს რომ აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში გასაგებად ეწერა _ საკრებულოს წევრი (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) საზღაურს არ იღებს.
სამწუხაროა, რომ დღითიდღე უარესდება დამოკიდებულება თვითმმართველობისადმი, რითაც იდეის და ინსტიტუტის დისკრედიტაცია ხდება.
მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა და ადგილობრივი ბიუჯეტი იქცა პოლიტლოიალობის წახალისებისა და დასაქმების ბიუროდ. მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს საკმარისი საკუთარი შემოსავლები და სხვადასხვა ტრანსფერზეა დამოკიდებული. არჩევნებში გამარჯვებული ძალები კი, ნაცვლად ამ მწირი შემოსავლების ეფექტიანად მართვისა და მოსახლეობის მძიმე ყოფის შემსუბუქებაზე ზრუნვისა, სამწუხაროდ, საკუთარი კეთილდღეობისა და პოლიტლოიალობის მოპოვება-შენარჩუნებაზე ზრუნვით არის დაკავებული, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადი გახდა, გაიზარდა ფრაქციის შემქმნელთა მსურველების რაოდენობაც _ “გურია ნიუსის” ინფორმაციით, საკრებულოში მალე “მაჟორიტარების” ფრაქცია დარეგისტრირდება.
არ არის გამორიცხული, ფრაქციის შექმნა ოპოზიციურმა პარტიებმაც მოახერხონ _ ამ დროისთვის ჩოხატაურის საკრებულოში მყოფ არც ერთ ოპოზიციური პარტიას (საკრებულოში სულ 4 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია) სამი წევრი არ ჰყავს, რაც ფრაქციის შექმნისთვის აუცილებელი პირობაა.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ჩოხატაურის წინა მოწვევის საკრებულოს გამოცდილებას, სადაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ქართული ოცნების” აწ უკვე ყოფილი წევრის დახმარებით შეძლო ფრაქციის შექმნა, არ არის გამორიცხული, პარტიული გადაადგილებები ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოშიც მოხდეს.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ უკვე მოხდა ლანჩხუთის საკრებულოშიც, სადაც ორი მკვეთრად განსხვავებული პარტიის _ “ნაციონალური მოძრაობის” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა გაერთიანება და ფრაქციის შექმნა მოახერხეს.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი თანამდებობისთვის პარტიულ იდეოლოგიაზე უარს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში იტყვიან. მით უმეტეს, რომ ფრაქციების უმეტესობა სამუშაო გრაფიკით და აქტიურობით არ გამოირჩევა და წლების განმავლობაში ეს პრაქტიკაშიც გამოჩნდა. თუმცა, როგორც ფაქტები მოწმობს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეს პრაქტიკა არ ადარდებთ _ ფული ხომ ბიუჯეტიდან და გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან მიდის!