“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ანი წითლიძემ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის მხრიდან წალენჯიხაში, მოქალაქის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა.
წითლიძის თქმით, მომხდარზე პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. “რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში გავაკეთე განცხადება და ვისაუბრე კონკრეტულ ფაქტზე, როგორ მოხდა სისხლიანი გარჩევა წალენჯიხაში, ცენტრში და როგორ სცემა საკრებულოს წევრმა და ფრაქციის თავმჯდომარემ “ქართული ოცნებიდან” დათო ბელქანიამ “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარესთან, გოგა გულორდავასთან ერთად ადგილობრივი მოსახლე მერაბ კვარაცხელია, მხოლოდ იმის გამო, რომ წალენჯიხის ერთ-ერთი სტრატეგიული მიწა, რომელიც უნდა ყოფილიყო წალენჯიხელების საკუთრებაში, კორუფციული გარიგებით მოხვდა სწორედ ბელქანიას და გოგა გულორდავას მფლობელობაში. დაჭრილია ორივე მხარე, სისხლიან გარჩევას წალენჯიხაში ჰყავდა ძალიან ბევრი თვითმხილველი. მძიმეა მერაბ კვარაცხელიას მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლიანი გარჩევა მოხდა ქალაქის ცენტრში, “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრების მონაწილეობით, დღემდე პოლიციას ამ ფაქტთან დაკავშირებით არ დაუწყია არანაირი გამოძიება და დაკავებული არ არის არცერთი მონაწილე პირი. მინდა მივმართო შს მინისტრს, მე საქართველოს პარლამენტის წევრი მზად ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით მივცე ჩვენება, მივაწოდო ყველა კონკრეტული ფაქტი და ინფორმაცია, რაც მე მაქვს და მზად ვარ, მოვიდე დაკითხვაზე, რომ ამ ქვეყანაში არ ხდებოდეს ისე, რომ ქართული ოცნების საკრებულოს წევრები დღისით, მზისით აწყობდნენ სისხლიან გარჩევებს ქალაქის ცენტრში, ჭრიდნენ ადამიანებს და სცემდნენ მათ სასიკვდილოდ”, – ამბობს წითლიძე.
ავტორი