ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსის სავიზიტო ბარათი სურათი “ლამაზი ქალია”. თანამედროვე კონკიას როლში იმ ხანად მეგ რაიანს, დერილ ჰანასა და ვალერია გოლინოს მოიაზრებდნენ. საბოლოოდ ვივიანის პარტია იმ დროისათვის ჯერაც ნაკლებად ცნობილ ჯულია რობერტს ერგო.
საინტერესოა, მანამდე რატომ ვერავინ ამჩნევდა ამ მართლაც შესანიშნავ მსახიობს. როგორც ირკვევა, ჰოლივუდელი აგენტების ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ჯულია დიდი ვარსკვლავისთვის არასაკმარისად პეწიანი იყო.
ცოტა ხნის წინ, სააგენტო “Abrams Artist”-ის ხელმძღვანელი რობერტ ატერმანი გაზეთი “New-York Post”-ის ჟურნალისტს ესაუბრა და ჯულია რობერტსიც გაიხსენა.
ბატონმა რობერტმა აღიარა, რომ თავის დროზე ჯულია რობერტსმა მის სააგენტოს მიმართა, მაგრამ დაიწუნეს.
“მრავალი წლის წინათ ჯულია ჩვენთან მოვიდა, მაგრამ კომერციულმა აგენტმა, რომელიც მას ხვდებოდა განაცხადა: “ისე გამოიყურება, როგორც ქალი ტრეილერების პარკიდან!”. მერე კი, როდესაც ჩვენი ოფისები სხვაგან გადაგვქონდა, კიდევ რამდენიმე ფაილი ვიპოვეთ ნიშნით “უარი ეთქვას”. მათ შორის იყო ანეტ ბენინგის, რობინ გივენსის, ჯულია რობერტსისა და სხვათა ფაილები”.