გურჯაანის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძე დღესაც პატიმრობაში დატოვა, სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.
“თქვენ ხართ ის მოსამართლე, ვინც ადამიანი გაასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა”, – მიმართა მოსამართლეს ნიკა მელიამ, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მიუთითა, კითხვა ესწავლა.
კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის კირკიტაძის თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატმა მოსამართლეს განუმარტა, რომ კირკიტაძე ციხეში დაოჯახდა და ასევე, გარდაცვლილი ჰყავს ოჯახის წევრი, რომლის დაკრძალვაც ხუთშაბათს არის. კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემით არ სპეკულირებს, თუმცა, ეს პირადი ტრაგედიაა. ადვოკატმა სასამართლოზე 2 000 მოქალაქის თავდებობის შესახებ წერილიც წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.