ოზურგეთის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით მჟავანაძე სოციალური ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
„გავრცელებული ინფორმაციით, დასტურდება, რომ ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე საჯარო მოხელეებს სთხოვს, გარკვეული თანხა დადონ ეგრეთ წოდებულ “ობშიაკში”, რომელსაც მერი, მისივე განმარტებით, გამოიყენებს შეჭირვებულთა დასახმარებლად.
მიგვაჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ეს ქმედება, რაოდენ კეთილშობილური მიზნებითაც არ უნდა შეიფუთოს იგი, არის სამოხელეო დანაშაული და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ამ მოსაზრებას მეტ სარწმუნოობას აძლევს ამ დღეებში მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან პანდემიის პირობებში სოციალური დახმარებების გაცემისას დაშვებული მთელი რიგი უკანონო და დანაშაულის შემცველი ქმედებები, რაზეც არავითარი რეაგირება დღემდე არ ყოფილა.
ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და შესაბამის სამსახურებს ,დაინტერესდნენ და შეისწავლონ აღნიშნული საქმე”, _ წერს დავით მჟავანაძე.
ჩვენ ვეცადეთ ამ განცხადებაზე ოზურგეთის მერიის პასუხი მოგვეპოვებინა, თუმცა, მერს კონსტანტინე შარაშენიძეს და მის მოადგილეს ირაკლი სირაძეს ტელეფონები გამორთული ჰქონდათ.