არასწორია ინფორმაცია, თითქოს, ჩემი ხელფასი 33 ათას ლარს შეადგენს, _ ასე გამოეხმაურა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მის ხელფასთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„მე გახლავართ საპარტნიორო ფონდის რიგით მეხუთე და ყველაზე დაბალანაზღაურებადი დირექტორი ჩემს წინამორბედებთან შედარებით. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი განსაზღვრულია მთავრობის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს დადგენილებით. სამეთვალყურეო საბჭოში კი შედის საქართველოს მთავრობის 4 წევრი და კერძო სექტორიდან მოწვეული 3 პირი. კერძოდ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები; თი-ბი-სი ბანკის, საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ჩემი ამჟამინდელი ხელფასი შეადგენს 16 000 ლარს, აქედან ყოველთვიურად ქველმოქმედების მიზნით ვრიცხავ თანხას სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის თითო საუკეთესო სტუდენტისთვის, იმ საჯარო და მუსიკალური სკოლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის, სადაც ვსწავლობდი.
ჯერ კიდევ ჩემი პარლამენტარობის დროს ვრიცხავდი და ახლაც ვაგრძელებ ონისა და ამბროლაურის სკოლების საუკეთესო მოსწავლეებისთვის ყოველთვიურად თანხის გადარიცხვას.
თანხას ვრიცხავ ასევე, ონკოლოგიის ცენტრის ბავშვთა განყოფილებისთვის. ასე, რომ ხელფასიდან პირადად მე ვიღებ იმდენივეს, რაც მქონდა პარლამენტში ყოფნისას.
აქვე მინდა დავამატო. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ საჯარო მოხელე და არ მევალება ქონებრივი დეკლარაციის შევსება, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შევავსე დეკლარაცია და ჩემი შემოსავლები გავასაჯაროვე. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამის ნახვა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დავით საგანელიძის სახელით გავრცელდა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში საუბარია ასევე მისი სამსახურებრივი ავტომობილის სარემონტო ხარჯების შესახებ.
„ასევე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ჩემი სამსახურებრივი მანქანის სარემონტო ხარჯების შესახებაც. მოგახსენებთ, რომ მე გადავაადგილდები ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ნიკა გილაურის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობის პერიოდში შეძენილი ავტომანქანით, რომლის გარემონტებაზე 2017 წელს დაიხარჯა 120 ლარი და არა 120. 000, როგორც ეს ასევე, გარკვეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს.
ბუნებრივია, ამ თემებზე საუბარი არ მსურდა, მაგრამ რაკი არ სრულდება ზემოთ ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით სპეკულაციები, საჭიროდ ჩავთვალე საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა სწორი ინფორმაცია,“ – აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.
1tv.ge