ვენესუელაში მდებარე პლანეტის ყველაზე მაღალი ჩანჩქერის, “ანხელის” სიმაღლე 979 მ-ია, წყლის უწყვეტი ვარდნის მანძილი კი 807 მ. შედეგად წყალი ნისლად იქცევა და რამდენიმე კმ-ზე იფანტება. ჩანჩქერს სახელი ეწოდა აღმომჩენის – ამერიკელი მფრინავის, ჯეიმს ეინჯელის პატივსაცემად, რომელმაც აქ საბადოების დასაზვერად გადაიფრინა: მისი გვარი ესპანურად სწორედ ასე ჟღერს…
პლანეტის ყველაზე მაღალი წყალვარდნილები, ცხადია, მაღლა, მთებში მდებარეობს და წყალუხვობით დიდად არ გამოირჩევა. ამიტომაც ყოველთვის დიდი სხვაობაა “ყველაზე მაღალი” და “ყველაზე დიდი” ჩანჩქერების (როგორიცაა ვიქტორია, ნიაგარა და ა.შ) რეიტინგებს შორის. მართალია, “ყველაზე მაღალი” ჩანჩქერების სიაც ყოველწლიურად იცვლება ახალ-ახალი წყალვარდნილების აღმოჩენის გამო, მაგრამ უფრო გაურკვეველი მდგომარეობაა “ყველაზე დიდი” ჩანჩქერების კატეგორიაში, სადაც შეფასების ძირითად კრიტერიუმებზე ჯერაც ვერ თანხმდებიან. ხოლო ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა, ყველაზე “საოცარი”, “წყალუხვი” და ა.შ., საერთო პოზიციაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
10 ყველაზე მაღალი ჩანჩქერი:
1. ანხელი (ვენესუელა) – 979; 2. ტუგელა (სამხ.აფრიკა) – 948; 3. სამი და (პერუ) – 914; 4. ოლოუპენა (პერუ) – 900; 5. უიმბილა (პერუ) – 895.4; 6. ვინუფოსენი (ნორვეგია) – 860; 7. ბალიფოსენი (ნორვეგია) – 850; 8. პუუკაოკუ (აშშ) – 840; 9. ჯეიმს ბრიუსი (კანადა) – 840; 10. ბრაუნი (ახ.ზელანდია) – 836; ცალკე უნდა აღინიშნოს იუნესკოს მიერ “კაცობრიობის ბუნებრივ მონაპოვართა” სიაში შეტანილი გრანდიოზული ჩანჩქერი “იგუასუ” მდინარე პარანაზე, არგენტინა-ბრაზილიის საზღვართან. 3,5 კმ სიგანის უზარმაზარი წყლის მასა, რომელსაც უამრავი პატარა კუნძული და კლდის შვერილი 275 ნაკადად ყოფს, 80 მ სიმაღლიდან ვარდება და ფანტასტიკურ სანახაობას ქმნის.